როცა ილია დაბრუნდება, სახეს გავუნგრევ | პიმბლეტმა პირადი და სპორტული ცხოვრება გამიჯნა
UFC-ის მსუბუქი წონის მებრძოლმა პედი პიმბლეტმა ილია თოფურიას შესახებ ამჯერად TNT Sports-თან ისაუბრა. პედი იმედოვნებს, რომ ილიას პირად ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურად იქნება და როცა ილია დაბრუნდება, პედი მის დამარცხებას გეგმავს.
პედი პიმბლეტი: „ვიცი, რომ ილიას ბევრი რამის გადატანა უწევს და მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ. ამას არანაირი კავშირი არ აქვს ჩვენს ჩხუბთან ან გალიაში ყოფნასთან. იმედი მაქვს, მის ოჯახურ ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურად იქნება, მაგრამ, როდესაც ის საბოლოოდ დაბრუნდება და გალიაში შევა, სახეს გავუნგრევ, მანამდე კი, როცა ამ ქამარს მოვიგებ, მე ვიქნები ჩემპიონი. სანამ ის გალიის გარეთაა, მსუბუქი წონის ჩემპიონი მე ვარ, მე ასე ვხედავ.“
ჟურნალისტი: „ანუ შენთვის დროებითი ქამარი (Interim belt) დაუმარცხებელი ჩემპიონის სტატუსის ტოლფასი იქნება?“
პედი: „დიახ, მილიონი პროცენტით.“
მიმდინარე კვირაში პედი ილიასთან დაკავშირებით THE MMA GURU-ს ესაუბრა. ამ ინტერვიუშიც კარგად გამოჩნდა, რომ პედი სპორტულ და პირად ცხოვრებას ერთმანეთისგან მიჯნავს: „არასდროს მინდოდა ვინმეს ჩემი ოჯახი ეხსენებინა, ამიტომ არც მე ვაკეთებ ამას სხვების მიმართ. ჩვენ ასე არ ვიქცევით. მებრძოლები ვართ, შეგვიძლია ერთმანეთზე რაც გვსურს ის ვთქვათ, მაგრამ ოჯახის ხსენება წელსქვემოთ დარტყმაა. მას მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ. იმედი მაქვს, ყველაფერი მოგვარდება და ის თავის შვილს ნახავს.“
პედიმ ილიასთან დაკავშირებით მსგავსი შინაარსის კომენტარი გასულ თვეში ESPN Deporte-თან ინტერვიუშიც გააკეთა: „ილიას ახლა პირად ცხოვრებაში ბევრი რამ აქვს მოსაგვარებელი. მას მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ. ამას არაფერი აქვს საერთო ჩემსა და მის ჩხუბთან. ეს მისი ოჯახია და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება და ყველაფერი მისთვის იდეალურად დასრულდება. მხოლოდ ის მაინტერესებს, რომ ოქტაგონში მალე დაბრუნდეს და ვიბრძოლოთ. მაგრამ არავინ იცის როდის დაბრუნდება... თუ ივნისამდე, ან ივლისამდე ვერ შეძლებს დაბრუნებას, შეიძლება ქამრის დათმობა მოუწიოს. მე კი უდავოდ გავხდები ჩემპიონი ბრძოლის გარეშეც კი.“