შოთა თოფურია, გიორგი ღავთაძე
Aa
Aa

„მთავარი ბრძოლები ხორვატებთან და ლატვიელებთან გველის“ - ღავთაძის და თოფურიას განწყობა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის 2026 წლის ჩემპიონატისთვის ფიზიკური მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა და ხვალ მზადების შემდგომ რაუნდს დაიწყებს, რომლის დროსაც ძირითადი ყურადღება ტაქტიკურ და თეორიულ მეცადინეობებსა და მომავალი მოწინააღმდეგეების შესწავლას დაეთმობა. მოწინააღმდეგეები კი ქართველ ფეხბურთელებს ტურნირის მასპინძელი ლატვიის, საფრანგეთისა და ხორვატიის სახით რომ საკმაოდ სერიოზული ჰყავს, ამას ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის მოთამაშეებიც აღნიშნავენ, რომელთაც ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საინტერესოდ ისაუბრეს.

გიორგი ღავთაძე

საკმაოდ რთული ჯგუფი შეგვხვდა. საფრანგეთი ლიდერი და ფავორიტია, ხოლო ჩვენი მთავარი კონკურენტები უფრო ლატვია და ხორვატია იქნებიან. თანაც კალენდარიც ისე დალაგდა, რომ საწყის ორ ტურში სწორედ ბალტიისპირელებსა და დალმაციელებს ვეთამაშებით და სწორედ ეს ორი შეხვედრა იქნება გადამწყვეტი. აქ უნდა ვეცადოთ და ავიღოთ ქულათა მაქსიმუმი საიმისოდ, რომ მეოთხედფინალში გავიდეთ და ევროპის ჩემპიონატის ფლეი ოფში საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთხელ ითამაშოს.

შოთა თოფურია

რთული ჯგუფია. პირველ ტურში მასპინძელ ლატვიასთან გვიწევს დაპირისპირება, რომელსაც ძალიან დიდი პროგრესი აქვს და ვერ ვიტყვი რომ ვინმეზე ნაკლები გუნდია. ნებისმიერ შემთხვევაში მათთან აუცილებლად მოსაგები გვაქვს, შემდეგ კი მეორე მოწინააღმდეგე გვეყოლება ხორვატია, რომელიც ევროპის ერთ-ერთ გრანდად ითვლება. სწორედ ეს ორი ნაკრები იქნება ჩვენი მთავარი კონკურენტი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საფრანგეთთან არ ვიბრძოლებთ - პირიქით, სამივე ტურში ვეცდებით მაქსიმუმს მივაღწიოთ და ჯგუფიდან გავიდეთ, ეს არის ჩვენი პროგრამა-მინიმუმი.

ცნობისათვის, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად ოთხი წლის წინ, 2022 წელს იასპარეზა, სადებიუტო ტურნირზევე ჯგუფური ეტაპის ბარიერი დაძლია და რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ღავთაძის დუბლი | საქართველოს ნაკრებმა მოლდოვა გაანადგურა
ღავთაძის დუბლი | საქართველოს ნაკრებმა მოლდოვა გაანადგურა