„ყველა მეტოქისთვის დიდი საფიქრალი ვიქნებით“ - ასათიანი ევროპისთვის ემზადება
21 იანვრიდან საქართველოს ფუტსალის ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას დაიწყებს, რომლის ჯგუფურ ეტაპზეც ავთანდილ ასათიანის მომზადებული ფეხბურთელების მეტოქეები ტურნირის მასპინძელი ლატვიის, საფრანგეთისა და ხორვატიის ნაკრებები იქნებიან. ქართველი ფეხბურთელები მზადების დასკვნით ეტაპს სამშობლოში, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გადიან. შეკითხვაზე, რამდენად რთულ ჯგუფშია ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი და როგორია მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსები, ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ფუტსალის ნაკრების დამრიგებელმა ასეთი პასუხი გასცა.
ავთანდილ ასათიანი
მოსამზადებელი ეტაპი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. სასიამოვნო და კარგი პროცესია, როდესაც ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადები. ამ ტურნირზე ასპარეზობის გამოცდილება უკვე გვაქვს და ვეცდებით გულშემატკივრები კიდევ უფრო მეტად გავახაროთ.
საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით. გვყავს მეტოქედ ალბათ ტურნირის ფავორიტი საფრანგეთი, რომელსაც არაერთხელ შევხვდით და შესარჩევშიც ჩვენი მეტოქე იყო. ასევე მოგვიწევს დაპირისპირება ხორვატებთან, რომლებიც როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს ჩემპიონატზე რეგულარულად ასპარეზობენ და მათ რიგებში გამოცდილი, ტექნიკური ფეხბურთელები თამაშობენ. რაც შეეხება ლატვიას, მართალია ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია, მაგრამ საკუთარ კედლებში სავსე ტრიბუნების მხარდაჭერა გარანტირებული ექნება, რაც დიდი პლუსია.
მიუხედავად ამისა, ვფიქრობ საქართველოს ნაკრები ხელწამოსაკრავი მეტოქე არავისთვის იქნება და ჩვენთან თამაშის დროს მოწინააღმდეგეებსაც სერიოზული საფიქრალი ექნებათ. მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ საიმისოდ, რომ შევამოწმოთ ჩვენი თავი, რამდენად მზად ვართ ტოპ-ნაკრებებთან სათამაშოდ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები კონტინენტის პირველობის I ტურში 21 იანვარს, ლატვიას (22:00) დაუპირისპირდება, 25 იანვარს ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის მეტოქე ხორვატია (16:00) იქნება, ხოლო ჯგუფურ ეტაპს ქართველი ფეხბურთელები 28 იანვარს ფრანგებთან (19:30) შეხვედრით დაასრულებენ.