დავით ნინიაშვილი
Aa
Aa

ნინიაშვილმა 2026 ლელოთი დაიწყო - ლა როშელის შთამბეჭდავი მოგება

დავით ნინიაშვილმა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 2026 წლის პირველივე შეხვედრაში ლელო დადო. TOP 14-ის XIV ტურში „ლა როშელმა“ საკუთარ სტადიონზე „ტულონს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 66:0 გაიმარჯვა. 23 წლის ქართველმა ფულბეკმა კი მეტოქის ჩათვლის მოედანი მეორე ტაიმის დასაწყისში, 42-ე წუთზე აიღო.

ბურთის წაღების (13), ხაზის გაჭრის (3), ოფლოუდებისა (4) და მცველების გაბითურების (6) რაოდენობით ნინიაშვილი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. გარდა ამისა, „ლა როშელის“ ქართველმა ვარსკვლავმა ორი ბოჭვა შეასრულა და ბურთით 69-მეტრიანი მანძილი დაფარა. დავითის გარდა, მასპინძლების შემადგენლობაში ნიკოლოზ სუთიძე და ალექსანდრე ქუნთელია იყვნენ, რომლებიც შეხვედრაში თადარიგიდან ჩაერთნენ. „ტულონის“ რიგებში კი ძირითადში ნიკოლოზ ნარმანიამ და გიორგი ჯავახიამ იასპარეზეს.

ცნობისათვის, დავით ნინიაშვილმა წლევანდელ საფრანგეთის ჩემპიონატში მეექვსე ლელო დადო, საერთო ჯამში კი TOP 14-ში 2021 წლიდან გამართულ 75 შეხვედრაში მეტოქის ჩათვლის მოედანი 27-ჯერ აქვს აღებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამორჩეული ქართველები - PRO D2-ში პირველი წრე შეფასდა
გამორჩეული ქართველები - PRO D2-ში პირველი წრე შეფასდა