ნიკას ბლოგები, რობერტო ბაჯო
Aa Aa

ბაჯოს უცნობი მხარე - კარმა, წინა ცხოვრება და ბუდიზმი

„კაცი, რომელიც ფეხზე დამდგარი მოკვდა“ - ეს მეტსახელი რობერტო ბაჯოს შეარქვეს..

დღევანდელ ბლოგში, ლეგენდარულ იტალიელს სულ სხვანაირად გაიცნობთ.. გაიგებთ იმ დაფარულ მხარეებზე, რომლებზეც მას არასდროს უსაუბრია..

პასადენა, 17 ივლისი, 1994.

„ვგრძნობდი, რომ ყველა იტალიელის წინაშე დამნაშავე ვიყავი. ცხოვრებაში არასდროს დამირტყამს პენალტი ისე, რომ ბურთი ხარიხას ზემოთ გადასულიყო. ერთხელ „ვიჩენცასთან“ დამემართა მსგავსი, მაგრამ მაშინ ბურთი მაინც კარში შევიდა. მინდოდა გავმქრალიყავი. უსასრულო სირცხვილს ვგრძნობდი — ისეთ განცდას, რომელიც წლების გასვლასთან ერთადაც არ გტოვებს. დროთა განმავლობაში სწავლობ, როგორ იცხოვრო ამასთან ერთად, მაგრამ ეს ისეთი ჭრილობაა, რომელიც ბოლომდე არასდროს ხორცდება.“

გულწრფელი ბაჯო

„დღემდე ბოლომდე ვერ ვპატიობ საკუთარ თავს. ვიცი, შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, რადგან ფეხბურთი შეცდომების თამაშიცაა, მაგრამ იმ მომენტმა ჩემზე ძალიან მძიმედ იმოქმედა. ჩემი დახრილი თავი იმ კადრად იქცა, რომელსაც ბევრი იმ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალთან აკავშირებს. მაგრამ ეს დადგმული ჟესტი არ ყოფილა — უბრალოდ ზუსტად იმას გამოხატავდა, რასაც იმ წამს ვგრძნობდი. ჩუმი, ალბათ ქვეცნობიერი ბოდიში იტალიის და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ჩვენთან ერთად იმედოვნებდა.

ბავშვობაში ვოცნებობდი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიის წინააღმდეგ თამაშზე. ეს ძალიან ძველი ოცნება იყო. დღესაც კი, როცა უკან ვიხედები, მიჭირს იმის ახსნა, რა მოხდა.

ბრაზილიელები დარწმუნებულები იყვნენ, რომ იმ ბურთს ზეციდან შეეხო ხელი. რამდენიმე თვით ადრე აირტონ სენა დაიღუპა. ვიცი, რომ ბრაზილიაში ზოგი ამასაც უკავშირებდა — თითქოს ეს ნიშანი იყო, რაღაც უფრო დიდი ძალა. ამბობდნენ, რომ სწორედ მან გადააგდო ბურთი ხარიხას ზემოთ.

ასეთი რაღაცები საიდუმლოს ნაწილია, თითოეული ადამიანის აღქმის ნაწილი. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემთვის ის ბურთი დღემდე ისეთ ადგილას არის გამოკიდებული, რომლის აღწერაც სიტყვებით ძალიან რთულია.“

ღმერთი?

„მე ადამიანის მჯერა. მჯერა იმ ძალის, რომელიც თითოეულ ჩვენგანშია, მაშინაც კი, როცა მას ვერ ვხედავთ ან გვგონია, რომ აღარაფერი დაგვრჩა. ნაკლებად ვფიქრობ გარედან არსებულ ღმერთზე, რომელიც ჩვენს ნაცვლად გადაწყვეტილებებს იღებს — უფრო იმ შინაგან ძალაზე ვფიქრობ, რომელიც უნდა ეძებო, განავითარო და პატივი სცე.

თითოეულ ჩვენგანში უზარმაზარი პოტენციალია — უნარი, შევიცვალოთ, თავიდან ავდგეთ და მივაღწიოთ მიზნებს, რომლებიც შეუძლებლად გვეჩვენებოდა. მაგრამ ამისთვის ყოველდღიური შრომაა საჭირო — თავმდაბლობით.“

წინა ცხოვრება..?

„რა თქმა უნდა, დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვი. მაგრამ გულის სიღრმეში ყოველთვის მქონდა განცდა, რომ შესაძლოა წინა ცხოვრებაში კარგად არ მოვქცეულვარ. ამას ძალიან უბრალოდ ვამბობ, ისე, რომ ვინმესთვის რამის სწავლება არ მინდა. ამ ცხოვრებაში ძალიან ბევრ მტრულ დამოკიდებულებას, ფიზიკურ ტკივილსა და სირთულეებს შევხვდი. ხანდახან მქონდა შეგრძნება, თითქოს აქ მძიმე კარმით მოვედი — რაღაცით, რაც უნდა გადამექცია, შემემსუბუქებინა შრომითა და ტანჯვით. შესაძლოა რაღაცის საფასურს ვიხდი, შესაძლოა რაღაცას ვსწავლობ. ნებისმიერ შემთხვევაში, ვცდილობ, ტკივილისგან მიღებული გაკვეთილი არ დავკარგო.“

წარმატების საფასური?..

„ხალხის სიყვარული უზარმაზარ სიამოვნებას მანიჭებს და ძალიან მთრგუნავს ემოციურად, რადგან ეს არასდროსაა თავისთავად მოცემული. როცა დღესაც ვინმე მაჩერებს და თბილ სიტყვას მეუბნება, მადლიერებას ვგრძნობ. თუმცა წარმატებას, ჩემი აზრით, ძალიან ფრთხილად უნდა მოეპყრო. უნდა დარჩე თავმდაბალი, ბევრი იმუშაო და მიწაზე მყარად იდგე. მე ყოველთვის ვცდილობდი ასე მოქცევას — ვნებითა და პატივისცემით. შესაძლოა ის სიყვარულიც, რაც მივიღე, სწორედ აქედან მოდის.

მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ვგრძნობ, რომ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტკივილი, რაც გამოვიარე, იმ კარმის ნაწილია, რომელსაც ჩემში ვატარებ. სიყვარული ტკივილს არ შლის, მაგრამ მას ანათებს.“

უკეთესი შემდეგი ცხოვრება?

„ვცდილობ, საფუძველი ჩავუყარო იმას, რომ ჩემი კარმა გავწმინდო და ახალ ცხოვრებაში იმაზე მეტი იღბლით შევიდე, ვიდრე დღეს მაქვს. რაც ბუდიზმმა მასწავლა, არის ის, რომ უკეთესი ადამიანი გავხდე. ვერ გეტყვით, რამდენად უკეთესი იქნება ჩემი შემდეგი ცხოვრება, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ვეცადე, ამისთვის უკეთ მოვმზადებულიყავი.

თუმცა ვიმედოვნებ, რომ ამ ცხოვრებაშიც უკეთესი ადამიანი გავხდები. ბუდიზმმა მასწავლა, რომ გარდაქმნა აბსტრაქტული სიტყვა არ არის — ეს ყოველდღიური ძალისხმევაა. არ ვიცი, რამდენად გავუმჯობესდი — ამის შეფასება ჩემი საქმე არ არის — მაგრამ ვიცი, რომ ამისთვის ნამდვილად ვიშრომე.“

სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ

„მე მჯერა, რომ ჩვენგან რჩება ის, რაც საკუთარ თავში ავაშენეთ — ჩვენი გული, სული, ზრახვები, ქმედებები. ბუდიზმი ამას კარმას უწოდებს. ეს არის რაღაც, რაც თან დაგვყვება, განსაზღვრავს იმას, ვინ ვართ და შესაძლოა იმასაც, ვინ ვიქნებით, სად წავალთ და როგორ გავაგრძელებთ ჩვენს გზას.

სიცოცხლეს სიკვდილის შემდეგ კონკრეტულ ადგილად არ აღვიქვამ, მაგრამ ვგრძნობ, რომ არაფერი, რასაც ვაკეთებთ, არ იკარგება. თითოეული ქმედება თავის კვალს ტოვებს.“

დაბადება კათოლიკურ ოჯახში

„დიახ, მე კათოლიკურ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. ბუდიზმი 1980-იანი წლების ბოლოს აღმოვაჩინე ჩემი მეგობრის, მაურიციო ბოლდრინის დახმარებით. მას ჰქონდა მუსიკალური მაღაზია, სადაც ვარჯიშის შემდეგ ხშირად შევდიოდი. სწორედ მან გამაცნო ბუდიზმი და ამიხსნა, რომ ეს შეიძლებოდა დამხმარებოდა, ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე ბნელ პერიოდში თავი უკეთ მეგრძნო.

იმ მომენტიდან საკუთარ თავზე მუშაობის უწყვეტი პროცესი დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება. არც ერთი დღე არ გამომიტოვებია ლოცვის გარეშე — ერთხელ დილით და ერთხელ საღამოს.

თავიდან მშობლებისთვის ამის თქმა მეშინოდა, რადგან იმ დროს ვენეტოში თითქმის ყველა კათოლიკე იყო. ერთ სახლში 10 ადამიანი ვცხოვრობდით. მახსოვს სადილები და ვახშმები დიდი სუფრის გარშემო. ბევრი არაფერი გვქონდა, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი გვქონდა. მამა დაუღალავი მშრომელი იყო, ფეხბურთისა და ველოსპორტის დიდი გულშემატკივარი. ის ასევე ინტერის გიჟი ფანი იყო.“

ბუდიზმის გავლენა

„ბუდიზმი ნამდვილად ჩემი თავშესაფარი იყო. მან როგორც პიროვნება, ისე ჩამომაყალიბა და მაიძულა, ჩემს ხასიათში ისეთ მხარეებზე მემუშავა, რომლებსაც მანამდე ვერც კი ვამჩნევდი. ყველაზე რთულ მომენტებში ძალა მომცა და ის გამბედაობა, რომ არასდროს დავნებებულიყავი.“

დღევანდელობა

„რას ვაკეთებ დღეს? ხელით მუშაობა მიყვარს. ანდახან რაღაცებს ვაშენებ, ვადუღებ, კორპს ვკვეთავ. მიწაზეც ვმუშაობ, ტყეში ხეებს ვუვლი, ექსკავატორით მუშაობაც ძალიან მიყვარს.“

ტრავმები და იარები

„ეს იმ მრავალრიცხოვანი ტრავმების კვალია, რომლებმაც ჩემი კარიერა თან სდევდა, პირველად მუხლი რომ დავიზიანე, ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი და მაშინ ისეთი ქირურგიული მეთოდები არ არსებობდა, როგორიც დღესაა. პირველი ოპერაციისთვის სენტ-ეტიენში ბუსკესთან გავემგზავრე. ის ევროპაში პირველი იყო, ვინც ორგანულ მასალებს იყენებდა ოპერაციისთვის. კუნთიდან ქსოვილი ამომიღეს, რათა ჯვარედინი იოგი აღედგინათ, რომელიც პრაქტიკულად აღარ არსებობდა. ფეხი წიგნივით უნდა გაეხსნათ — ეს ღია ოპერაცია იყო.

სენტ-ეტიენამდე ოჯახის ძველი „ფორდით“ გავემგზავრე. თორმეტსაათიანი გზა სრული სიჩუმით გავიარეთ — საშინლად მეშინოდა, რომ ფეხბურთს ვეღარასდროს ვითამაშებდი.“

ოპერაციის შემდეგ..

„როცა ნარკოზიდან გამოვფხიზლდი, ტკივილისგან ვყვიროდი. ტკივილგამაყუჩებლებს ვერ ვიღებდი — ყოველთვის ალერგია მქონდა. დედას ვუთხარი: ‘თუ გიყვარვარ, მომკალი.’

ვეღარ დავრბოდი, ვეღარ ვვარჯიშობდი ისე, როგორც ადრე. თვეების განმავლობაში ფიორენტინასგან ხელფასის მიღებაზე უარი ვთქვი. მრცხვენოდა..

ვერ ვეგუებოდი იმ აზრს, რომ ფული მიმეღო მაშინ, როცა მუშაობა არ შემეძლო, როცა სანაცვლოდ ვერაფერს ვაძლევდი. ამიტომ ჩეკებს უჯრაში ვინახავდი. მახსენდებოდა მამაჩემი, მისი სახე, მისი ხმა, როცა ამბობდა, რომ დაუმსახურებელ ფულს ცუდი იღბალი მოაქვს. ჩემთვის შრომა ყოველთვის ღირსებასთან იყო დაკავშირებული. მაშინაც კი, როცა ტრავმირებული ვიყავი და ეს ჩემი ბრალი არ იყო, ამ ტვირთს მაინც ვგრძნობდი.“

გოლი, რომელმაც ბაჯო მსოფლიოს გააცნო

„ჩეხოსლოვაკიასთან გატანილი გოლი.. ის ჯადოსნური ღამე იყო. იმ გოლმა მთელი მსოფლიო მოიარა და იმ ღამეს ვიჩენცაში სახლი ვიყიდე, რომელშიც დღემდე ვცხოვრობ.. თავდაპირველად მის შესაძენად საკმარისი ფულიც კი არ მქონდა. მაგრამ ყოველთვის კარგად გამომდიოდა მიზნის დასახვა და მისთვის ყველაფრის გაღება. ბევრ ქალაქში კარგი დრო გამიტარებია, მაგრამ ვიჩენცა ჩემი სახლია — ადგილი, სადაც ჩემი ხალხია.“


მეუღლე ანდრეინა და შვილები

„ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობთ. ერთმანეთისგან რამდენიმე ასეულ მეტრში ვცხოვრობდით და ერთსა და იმავე საშუალო სკოლაში დავდიოდით. ივლისის ერთ საღამოს, ჩემი პირველი შეკრების წინა დღეს „ვიჩენზასთან“ ერთად, შევჩერდით სასაუბროდ და პატარა ბეჭედი ვთხოვე, როგორც ერთგვარი პირობა, რომ დაბრუნებისას ისევ დავუბრუნებდი. ზუსტად ასე მოხდა. რეკოაროდან რომ დავბრუნდი, შევხვდით, ბეჭედი დავუბრუნე და იმავე საღამოს დავინიშნეთ.

ყოველთვის ვოცნებობდით შვილებზე და მათ სახელებზეც გაცილებით ადრე შევთანხმდით, სანამ დაიბადებოდნენ. მანქანაში ერთმანეთს ვეუბნებოდით: ‘წარმოიდგინე, როცა ვალენტინა და მატია უკანა სავარძელზე ისხდებიან.’“

„მატია — როგორც რემის მეგობარი იმ მულტფილმიდან, რომელსაც ბავშვობაში ვუყურებდით. ორმოც წელზე მეტია, ერთმანეთის გვერდიდან ერთი დღითაც არ წავსულვართ. შემდეგ ჩვენი მესამე შვილიც დაიბადა — ლეონარდო.. ლეონარდო და ვინჩის პატივსაცემად. ანდრეინა ყველგან მომყვებოდა, სადაც ვთამაშობდი და ყოველთვის მაგრძნობინებდა, რომ სახლში ვიყავი. დარწმუნებულები ვართ, რომ წინა ცხოვრებაშიც ერთად ვიყავით.“

ფიორენტინადან იუვენტუსში..

„ფლორენცია აჯანყდა. იტალიის ნაკრების შეკრებაზე, კოვერჩიანოში, პოლიციის მანქანით დამმალეს და ისე მიმიყვანეს, რომ ფიორენტინას გულშემატკივრებს არ დავენახე. ბავშვივით ვტიროდი. ისმოდა სასწრაფოების სირენები, რომლებიც ‘ფიორენტინას’ ოფისისკენ მიდიოდნენ, სადაც დაპირისპირება სამი დღე გაგრძელდა. იმ მთელი ბრაზისა და ტკივილის გამო საშინელ ტკივილს ვგრძნობდი. ხალხი ფიზიკურად დაზიანდა და ამაში დამნაშავე მე ვიყავი..

ფლორენციაში გასვლით თამაშზე ფიორენტინას დროშა მესროლეს. მე ის მიწიდან ავიღე. ავიღე. ეს პატივისცემისა და სიყვარულის ჟესტი იყო იმ გუნდის მიმართ, რომელიც ყველა ტრავმის მიუხედავად მენდო. მათ წინააღმდეგ პენალტი არ დავარტყი..“

მტრობა მარჩელო ლიპისთან

„სხვების განსჯა არ მიყვარს, რადგან ყველას თავისი ხასიათი, შიშები და ფეხბურთის საკუთარი აღქმა აქვს. მაგრამ ხანდახან მქონდა შეგრძნება, რომ ზოგ მწვრთნელს უჭირდა იმის მიღება, რომ ამხელა ყურადღება ფეხბურთელისკენ იყო მიმართული. შესაძლოა ეს ბანალური გაგებით ეჭვიანობა არ ყოფილა, უფრო ავტორიტეტის დამტკიცების სურვილი. მე ყოველთვის ვცდილობდი ხელმისაწვდომი ვყოფილიყავი, მაგრამ ეს ყოველთვის საკმარისი არ აღმოჩნდებოდა. ესეც ჩემი ისტორიის ნაწილია.“

იმედგაცრუება არიგო საკისგან

„1994 წლის მუნდიალზე, ნორვეგიასთან მატჩში ჯანლუკა პალიუკა გააძევეს და ჩემი გაყვანა ტაქტიკურად სწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მე სხვა რამეზე დამწყდა გული.

მატჩის წინ, საკიმ სასტუმროს ნომერში დამიბარა და მითხრა: ‘შენ ჩვენთვის ის ხარ, რაც მარადონა არგენტინისთვის.’ ეს სიტყვები თავში ჩამრჩა.

სწორედ ამიტომ, როცა ტაბლოზე ჩემი ნომერი დავინახე, ეს ჩემთვის უზარმაზარ წინააღმდეგობად აღიქმებოდა. თუ მართლა ასე იყო, გავიფიქრე, მაშინ დიეგო მარადონას არასდროს შეცვლიდნენ. ეს ინსტინქტური რეაქცია იყო — იმედგაცრუებით გამოწვეული.“

გამოფიტვა ფინალის წინ

„ბულგარეთთან ნახევარფინალის მეორე დილით სტომატოლოგთან წასვლა მომიწია — ერთ-ერთმა მცველმა იდაყვი ჩამარტყა, ტუჩი გამიხეთქა და კბილის ნახევარი მომტეხა, რომელიც შემდეგ შემიცვალეს. მახსოვს, სირცხვილის გამო მეორე ტაიმი გატეხილ კბილზე საღეჭი რეზინით ვთამაშობდი, რომ არ გამოჩენილიყო.

ლოს ანჯელესში, ფინალის წინა დღეს, სასტუმროს დიდ დარბაზში დამაყენეს და ბურთთან ერთად მავარჯიშეს, რათა ენახათ, რა მდგომარეობაში ვიყავი.

ფიზიკურად და მენტალურად სრულიად გამოფიტული ვიყავი — ისევე, როგორც ყველა დანარჩენი. ფინალამდე მისასვლელი გზა ადვილი არ ყოფილა. ბოლოს ისეთი განცდაც გამიჩნდა, რომ ჩემი ფინალში ყოფნა პრიორიტეტად აღარ ითვლებოდა.“

საკის სურვილი

„უსამართლო იქნებოდა სხვებისთვის ისეთი განზრახვების მიწერა, რომლებიც ბოლომდე არ მესმის. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ბუნდოვანი სიტუაციის შეგრძნება მქონდა. გარკვეულწილად ვფიქრობ, რომ საკის ჩემი ბრაზილიასთან თამაში არ სურდა.  შესაძლოა ფიქრობდნენ, რომ ჩემ გარეშე გამარჯვება გუნდს კიდევ უფრო მეტად გაადიდებდა. და შესაძლოა, მარცხის შემთხვევაში, ჩემი არყოფნა გამართლებადაც ქცეულიყო. ეს ის ფიქრები იყო, რომლებიც იმ მომენტში თავში მიტრიალებდა.“

2002 წელი, ტრაპატონის გადაწყვეტილება

„ტრაპატონიმ მაშინ დამირეკა, როცა კალდონიოში, ჩემი სახლის ტერასაზე ვიყავი ვალენტინასთან ერთად. მისი ხმა არასდროს დამავიწყდება: ‘შენი წაყვანის სურვილი არ მაქვს, მეშინია, რომ ტრავმას მიიღებ.’

და მაინც, მე უკვე ვაჩვენე, რომ არაფრის მეშინოდა. და ტრავმაც რომ მიმეღო, მაინც მსოფლიო ჩემპიონატზე, ღირსეულად დავასრულებდი ყველაფერს.

ყოველთვის გუნდისა და მწვრთნელების სამსახურში ვიყავი. კარგად ვუგებდი ყველა იმ მწვრთნელს, ვისაც არაფრის დამტკიცება არ სჭირდებოდა და ვისაც ჩემზე ძლიერად გამოჩენა არ უნდოდა. ყოველთვის ყველაფერს ვდებდი მოედანზე.. და ამის დასტურიც ისაა, რომ თანაგუნდელებთან ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა.

დელ პიერო? ის ყოველთვის პატარა ძმასავით მყავდა და ნამდვილი მეტოქეობა ჩვენს შორის არასდროს ყოფილა. ვნახე, როგორ მოვიდა, როგორ გაიზარდა და როგორ აფეთქდა, როგორც ფეხბურთელი. ის სერიოზული, ზრდილობიანი ბიჭი იყო უზარმაზარი ტალანტით. გასახდელში ვენეტოს დიალექტზე ვსაუბრობდით და ამან უფრო დაგვაახლოვა. ახლაც ასე ხდება, როცა ერთმანეთს ვხვდებით. 10-ნომრიანი მაისური, რა თქმა უნდა, მძიმე ტვირთია, მაგრამ ადამიანებს შორის კედლად არ უნდა იქცეს.“

რონალდო, ფენომენი?

„როცა მან მუხლი დაიზიანა, მართლა ძალიან ვიტანჯებოდი მის გამო. ვიცოდი, რას ნიშნავს, როცა გრძნობ, რომ სხეული გღალატობს, როცა შენი ნაწილი ისე ვეღარ გემორჩილება, როგორც გინდა.

ის უზარმაზარი ტალანტი იყო, მართლაც იშვიათი. და ალბათ სწორედ ამიტომ მისი ტკივილი კიდევ უფრო მძაფრად შევიგრძენი.“

იტალიის დღევანდელი ნაკრები

„ძალიან ბევრი რამ არის გამოსასწორებელი. ბავშვები ქუჩაში ფეხბურთს აღარ თამაშობენ. და სერია ა-ში იტალიელი ფეხბურთელები ცოტანი არიან.

თუ სხვა ქვეყნიდან ფეხბურთელის მოყვანა და მისი ნატურალიზაცია გჭირდება, ეს ნიშნავს, რომ იმავე დონეზე სათამაშოდ მზად იტალიელი ფეხბურთელი ვერ იპოვე.

უნდა შევქმნათ ისეთი სისტემა, რომელიც რეალურად წაახალისებს იტალიელი ფეხბურთელების გამოყენებას. ტალანტი ისევ არსებობს, მაგრამ საჭიროა მისი აღმოჩენა, დაცვა და განვითარება. ასევე, საჭიროა გამბედაობა, რომ მას ვენდოთ.“

ინსტაგრამი

„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სოციალური ქსელი არ მქონდა. არასდროს მიყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. ყოველთვის ცოტას ვლაპარაკობდი. მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი იცვლება.

სასიამოვნოა, როცა შეგიძლია სამყაროს სიმარტივით გაუხსნა გული და გულშემატკივრებთან პირდაპირი კავშირი შეინარჩუნო, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. ადრე ეს წარმოუდგენელი იყო, შეუძლებელიც კი.

წიგნის დაწერის იდეაც სწორედ ამ სურვილიდან გაჩნდა — პირდაპირ დავლაპარაკებოდი ადამიანებს, გავამხნევო ახალგაზრდები და ისინი, ვინც თავს დაკარგულად გრძნობს, როგორც მე ვგრძნობდი ჩემს ხელახლა დაბადებამდე.“

ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი?

„ამის თქმა შეუძლებელია. განსაკუთრებული იყო. თავმდაბალი. ერთხელ, არგენტინაში ფრენის დროს, ბურთით ერთად ვიჟონგლიორეთ. წარმოიდგინეთ, თვითმფრინავში ოცდაათი ათასი მეტრის სიმაღლეზე, ცასთან ძალიან ახლოს, ჩვენ ბურთით ვთამაშობდით. საქმეში მატიაც ჩავრთე.

საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთანაც მითამაშია და ვინც დიდი კარიერა ვერ აიწყო, ჩემი მეგობარი ფერუჩო პოლო იყო გრადოდან, რომელსაც ‘მფრინავ ჰოლანდიელს’ ეძახდნენ.“

და ბოლოს..

„იმ გაფუჭებულ პენალტზე ხშირად ვფიქრობ. ხანდახან მასზე მაშინაც ვფიქრობ, როცა მღვიძავს.. და საწოლში, როცა ძილი არ მეკარება.."

გაზიარება: