„ასე თუ მოხდება, მირჩევნია დავასრულო“ - ციციპასი სამომავლო გეგმებზე
სტეფანოს ციციპასმა 2025 წელი ტრავმის გამო ნაადრევად დაასრულა, რის გამოც ამერიკის ღია პირველობის შემდეგ მხოლოდ ორ შეჯიბრებაში, დევისის თასსა და საგამოფენო ტურნირზე იასპარეზა. როგორია ამჟამად მისი ფიზიკური კონდიციები და რამდენად რთული პერიოდი მოიტოვა უკან, ამის თაობაზე 27 წლის ბერძენმა ჩოგბურთელმა საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
სტეფანოს ციციპასი
2025 წლის ბოლო ოთხი ტურნირის მიმდინარეობისას ფეხზე ძლივს ვიდექი. ამიტომ საჭირო იყო ისეთი გამოსავლის პოვნა, რაც ბოლომდე აღდგენაში დამეხმარებოდა. ყველა ღონე ვიხმარე და ყველაზე ცნობილ სპორტულ ექიმს მივაკითხე, რომლის წყალობითაც უკანასკნელი ორი თვე, ანუ ეგრეთწოდებული წინასასეზონო მზადების პერიოდი ტკივილისა და დისკომფორტის გარეშე ჩავატარე, რაც იმედია მთელი წელი ასე შენარჩუნდება.
იცით, რას ვფიქრობ გამუდმებით ბოლო 6-8 თვის მანძილზე? შევძლებ თუ არა კონკრეტული მატჩის დასრულებას და თუ შევძლებ, მომდევნოსთვის მზად ვიქნები თუ არა. ყველაზე მეტად US Open-ზე განცდილი მარცხის შემდეგ შემეშინდა, რადგან ორი დღე სიარულს ვერ ვახერხებდი.
ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იმდენად გავტყდი, საკუთარ თავს ვეუბნებოდი: „რისთვის გიღირს ეს ყველაფერი? რატომ იტან ამდენ ტკივილს?“ საბოლოოდ ასეთ დასკვნამდე მივედი. თუ ტრავმა თავს ისევ შემახსენებს და ტკივილის გარეშე ჩოგბურთით ტკბობას ვეღარ შევძლებ, მირჩევნია კარიერა დავასრულო, მაგრამ თუ ტკივილებმა საბოლოოდ გამიარა, მაშინ დიდი სურვილი მაქვს ათი წელი კიდევ ვითამაშო.
ცნობისათვის, სტეფანოს ციციპასს დიდ სლემებზე კარიერის საუკეთესო შედეგი როლან გაროსზე (2021) და ავსტრალიის ღია პირველობაზე (2023) აქვს დაფიქსირებული, სადაც ფინალებში გასვლა მოახერხა.