ხაბიბ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

ხაბიბი: UFC შოუმენებს უფრო აფასებს და საუკეთესოებს ჩაგრავს - ეს არასწორია

დუბაიში გამართულ სპორტულ სამიტზე გამოსვლისას, ხაბიბ ნურმაგომედოვმა UFC-ის პოლიტიკა გააკრიტიკა, რომელიც, მისი აზრით, სულ უფრო ნაკლებად მიჰყვება ძირითად სპორტულ პრინციპებს და აქცენტს აკეთებს არა მებრძოლების დონეზე, არამედ მათ უნარზე, დადგან შოუ.

„ძალიან მეცოდებიან პრომოუტერები აშშ-ში. დაღესტნიდან ამდენი მშიერი მებრძოლი ჩამოდის და მათ საუბარი არ უყვართ. არ უყვართ „თრეშთოქი“ (მეტოქის ლანძღვა). ისინი უბრალოდ მოდიან, ანადგურებენ მეტოქეებს და ფულს გამოიმუშავებენ. ამერიკელ პრომოუტერებს ეს არ მოსწონთ. მათ მოსწონთ თრეშთოქი, მოსწონთ შოუ. მე მესმის - ერთის მხრივ, ეს ბიზნესია. მაგრამ, მეორეს მხრივ, ეს სპორტია, ერთი ერთზე. შევდივართ ოქტაგონზე და ვხედავთ, ვინ არის საუკეთესო მსოფლიოში.

ახლა ვხედავ, თუ როგორ მიჰყვება ზოგიერთი ორგანიზაცია ასეთ პოლიტიკას. ისინი მათთან კონტრაქტს უბრალოდ არ აფორმებენ, რადგან დაიღალნენ ამდენი მაგომედოვითა და ნურმაგომედოვით, რომლებიც UFC-ში მოდიან და ლიგას იპყრობენ. მათ შეცვალეს პოლიტიკა და ეს არ მომწონს. როგორც ვთქვი, ეს სპორტია. ის სამართლიანი უნდა იყოს. უშვებენ უამრავ მებრძოლს, რომლებსაც UFC-ში ერთი ბრძოლაც კი არ წაუგიათ. მათ უბრალოდ უმთავრდებათ კონტრაქტი და ახალს აღარ სთავაზობენ. მართალი გითხრათ, ვიღაცამ ამაზე უნდა ისაუბროს. ეს უსამართლობაა. მე ეს არ მომწონს.

ჩემს დარბაზში 10-15 მებრძოლი მსოფლიოს დაუმარცხებელი ჩემპიონია, მოყვარულებში თუ პროფესიონალებში, მაგრამ მათი აყვანა არ უნდათ, რადგან სჭირდებათ ვიღაც, ვინც ბევრს ილაპარაკებს, ვინც დალევს, ვინც საკუთარ თავს საჯაროდ გამოსაფენად გამოიტანს. მათ ასეთი მებრძოლი უნდათ. როგორც ვთქვი, ერთის მხრივ, ეს მესმის. მაგრამ ეს სპორტია - საუკეთესო საუკეთესოს წინააღმდეგ. არა საუკეთესო მოცეკვავე, ან ის, ვისაც უკეთესი ვარცხნილობა ან მეტი გამომწერი ჰყავს. ეს სამართლიანი უნდა იყოს. კარგი, იყოს 50/50-ზე. თუ ბიზნესი გინდათ, გავაკეთოთ 50/50-ზე, მაგრამ ნუ გახდით ამას 100/0-ზე“,

- განაცხადა UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა მსუბუქ წონაში რიო ფერდინანდთან საუბრისას.

UFC-ის პოლიტიკა, რომელზეც ნურმაგომედოვი საუბრობს, უკავშირდება ცოტა ხნის წინ მომხდარ ფაქტს, რინატ ფახრეტდინოვის შესახებ, რომელსაც ლიგამ კონტრაქტი არ გაუგრძელა, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციაში ბრძოლა წაგებული არ ჰქონია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები