„სინერი თანდათან ჯოკოვიჩს ემსგავსება“ - ჩოგბურთის ქართველი ლეგენდის შეფასება
ლეგენდარული ქართველი ჩოგბურთელის ალექსანდრე მეტრეველის სპორტის ამ სახეობასთან დაკავშირებული შეფასებების მოსმენა ყოველთვის საინტერესოა. 81 წლის ვეტერან სპორტსმენს ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებს - ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მასშტაბით ის ერთადერთი ჩოგბურთელია, რომელმაც უიმბლდონის სამ ფინალში იასპარეზა - 1968 და 1970 წლებში წყვილთა, ხოლო 1973 წელს ერთეულთა თანრიგში. Crystalsport-თან საუბრის დროს, მეტრეველმა მსოფლიო ჩოგბურთის ამჟამინდელი ლიდერები, კარლოს ალკარასი და იანიკ სინერი საკმაოდ საინტერესოდ შეადარა.
ალექსანდრე მეტრეველი
კარლოს ალკარასი და იანიკ სინერი დაახლოებით თანაბარი დონის მოთამაშეები არიან, მაგრამ ესპანელი უფრო მომგებიან და სანახაობრივ ჩოგბურთს თამაშობს. კარლოსი მეტად მესიმპათიურება, თუმცა სინერი თავისი სტანდარტულობითა და უშეცდომო ასპარეზობით გულგრილს არავის ტოვებს.
ისიც აღსანიშნავია, რომ ეს ის სინერი აღარ არის, რომელიც ორი წლის წინ იყო. ისწავლა ბადესთან თამაშიც და საერთოდაც, რაც მეტი დრო გადის, უფრო მეტად ემსგავსება ნოვაკ ჯოკოვიჩს. მართალია ჯერჯერობით ნოლესნაირი მიღწევებით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ სათამაშო სტილი სერბსა და იტალიელს იდენტური აქვთ.
ანუ რისი თქმა მსურს - იანიკის მხარეს არის სტაბილურობა, ალკარასი კი სისწრაფესა და სიძლიერეზე დაფუძნებული სანახაობრივი ჩოგბურთით გამოირჩევა. დარწმუნებული ვარ, მათი დომინაცია მსოფლიო ჩოგბურთში კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება.
ცნობისათვის, ალექსანდრე მეტრეველი დიდი სლემის 33 ტურნირის მონაწილეა, 1963-1980 წლებში დევისის თასზე გამართული 105 მატჩიდან კი 80 თავის სასარგებლოდ დაასრულა. 2015 წლის უიმბლდონის მიმდინარეობისას, მეტრეველი ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა დევისის თასის სპეციალური მედლით დააჯილდოვა.