„დვალიშვილამდე ომალის უნდა ებრძოლოს“ - რუსმა სპორტსმენმა იანზე ისაუბრა
UFC-ის სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში 2025 წლის საუკეთესო მებრძოლი უდავოდ მერაბ დვალიშვილი გახლდათ, რომელმაც 2024 წლის სექტემბერში მოპოვებული ჩემპიონის ქამარი იანვრიდან მოყოლებული სამჯერ, უმარ ნურმაგომედოვთან, შონ ომალისთან და კორი სენდჰეგენთან დაიცვა. სამწუხაროდ, „მანქანამ“ ამის მეოთხედ გაკეთება ვეღარ შეძლო და დეკემბერში პიოტრ იანთან განცდილი მარცხით ტიტული დაკარგა.
რუს მეტოქესთან ბრძოლიდან რამდენიმე დღის შემდეგ დვალიშვილმა საჯაროდ გაამჟღავნა UFC-ის აღმასრულებელი დირექტორის დენა უაითის მიერ მისთვის მიცემული სიტყვა, რომელიც მერაბს დაპირდა, რომ რამდენიმეთვიანი დასვენების შემდეგ პირდაპირ სატიტულო ჩხუბს მისცემს. თუმცა, იანი და მისი თანამემამულეები დვალიშვილთან ტრილოგიის გამართვას საჭიროდ არ თვლიან და მათ რიგებს მიეკუთვნება შერეული ორთაბრძოლების მძიმე წონითი კატეგორიის რუსი მებრძოლი ევგენი გონჩაროვი, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ვფიქრობ, პიოტრ იანისთვის უახლოეს მომავალში ორი საჩემპიონო ბრძოლის ჩატარება ძალიან კარგი იქნება. ჯერ შონ ომალის უნდა დაუპირისპირდეს და „შუგასთან“ გამარჯვების შემთხვევაში, დვალიშვილს ტრილოგიის შანსი უნდა მიეცეს. შესაძლოა მერაბს პიოტრთან ჩხუბი ახლავე უნდოდეს, მაგრამ ჩემი აზრით, ომალისთან რემატჩი უფრო სამართლიანი იქნება“.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი და პიოტრ იანი აქამდე ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ და მათ შორის სრული თანაფარდობაა - თუ 2023 წლის მარტში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ქართველმა გაიმარჯვა, რამდენიმე კვირის წინ მოგება რუსს მიაკუთვნეს.