„კარლოსი უფრო ქაოტური, მაგრამ სანახაობრივია“ - ნადალმა ალკარასი სინერს შეადარა
თანამედროვე მსოფლიო ჩოგბურთს კარლოს ალკარასისა და იანიკ სინერის სახით ორი გამორჩეული ვარსკვლავი ჰყავს, რომლებიც თითქმის ყველა მსხვილი პრესტიჟული ტურნირის ფინალში გასვლას ახერხებენ და ჩემპიონს ურთიერთშეხვედრებში ავლენენ. მათ დომინაციაზე როდესაც მიდის საუბარი, უმეტესობა პარალელს როჯერ ფედერერის, რაფაელ ნადალისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის „დიდ სამეულზე“ ავლებს. მისმა ერთ-ერთმა წევრმა რაფამ კი როდესაც კარლოსს და იანიკს შორის საუკეთესოს დასახელება სთხოვეს, ასეთი პასუხი გასცა:
„საკუთარ თავთან ვერც ერთს ვერ ვაიგივებ, რადგან ისინი ჩემგან განსხვავებული სტილის ჩოგბურთელები არიან. ალკარასი უფრო მეტად ქაოტურია, ხშირად უშვებს შეცდომებს, თუმცა მისი თამაში გაცილებით სანახაობრივია. გარდა ამისა, კარლოსი არაპროგნოზირებადი და მაყურებლისთვის გასართობია. რაც შეეხება იანიკს, ის პირიქით, უფრო მეთოდურად უდგება საქმეს და როდესაც საკუთარ თამაშში ახალი ელემენტების შეტანა სურს, ამას ნელ-ნელა აკეთებს, რის გამოც ნაკლებად რისკავს და იშვიათად მარცხდება.
ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ალკარასი კორტზე უყურადღებოდ იქცევა, მაგრამ ამ დროს ჩახედავ მის შედეგებს და... ყველა მნიშვნელოვან ტურნირზე ჩემი თანამემამულე უბადლოა, რის გამოც მის კრიტიკოსებს ვეტყოდი, რომ ციფრები მათი მოსაზრების საპირისპიროზე მეტყველებს“.
ცნობისათვის, კარლოს ალკარასს კარიერის განმავლობაში ორჯერ როლან გაროსი (2024, 2025), ორჯერ უიმბლდონი (2023, 2024) და ორჯერ ამერიკის ღია პირველობა (2022, 2025) აქვს მოგებული. რაც შეეხება იანიკს სინერს, მის ანგარიშზე ავსტრალიის ღია პირველობის (2024, 2025) ორი ტიტული და უიმბლდონისა და ამერიკის ღია პირველობის თითო ჩემპიონობაა.