„მრავალწლიანი თანამშრომლობა ერთ ღამეში დასრულდა“ - ფერერო ალკარასს დაემშვიდობა
2026 წლის საჩოგბურთო სეზონის დაწყების წინ, მთავარი და ყველაზე სკანდალური ამბავი მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანის, კარლოს ალკარასისა და ხუან კარლოს ფერეროს თანამშრომლობის დასრულება გახლდათ, რაც ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. საზოგადოებამ ამის შესახებ ფერეროს სოციალური ქსელის საშუალებით შეიტყო, რომელმაც ვრცელი სტატუსი დაწერა, თემასთან დაკავშირებით დეტალური კომენტარი კი მოგვიანებით გააკეთა.
ხუან კარლოს ფერერო
თითქოს საქმეები ისე მიდიოდა, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ დიდხანს უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ასე მოხდა. ყოველი წლის დასრულების შემდეგ მხარეებს შორის ხდება კონტრაქტის გადახედვა და ახალი ხელშეკრულების შეთავაზება.
როდესაც კარლოსმა მაგიდაზე ახალი კონტრაქტი დამიდო, იქ იყო შეტანილი ერთი ისეთი პუნქტი, რომელზეც შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ და დავიშალეთ. მოლაპარაკებების დროს, ალკარასის გარემოცვის წევრები ითხოვდნენ იმას, რაც მათთვის იყო უმჯობესი, მე კი ჩემი პოზიციიდან ვლაპარაკობდი. შესაძლოა ეს გაუგებრობა აღმოფხვრილიყო, რომ დავმსხდარიყავით და კიდევ გვესაუბრა, მაგრამ ასე არ მოხდა და მეტად ამ თემის დეტალებში შესვლა აღარ მსურს.
ლკარასის შედეგები მთელი გასული წელი იდეალური იყო, ჩვენი ურთიერთობა კი არაჩვეულებრივი. არ ვჩხუბობდით და არც კონფლიქტი გვქონდა. სამუელ ლოპესის მოსვლამაც ახალი იმპულსი მოიტანა და ეს სამომავლო პარტნიორობისთვის წინგადადგმული ნაბიჯი უნდა ყოფილიყო. მეტსაც გეტყვით, 2026 წლის წინასასეზონო მზადების გეგმა დაწერილი და ლოპესისთვის გაგზავნილი მქონდა, ასე რომ ჩემი წასვლა ამ მხრივ პრობლემებს არ შექმნის.
ემოციურად და გულიანად ვუდგებოდით ყველა ვარჯიშსა, თუ ტურნირს. ზურგს მრავალწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა გვიმაგრებდა და სამწუხაროდ ყველაფერი ერთ ღამეში დასრულდა. ვიცი, ბევრმა დაიწყო საუბარი, რომ ჩემი წასვლის მიზეზი ფული გახლდათ, მაგრამ მერწმუნეთ, კარლოსი ჩემს მიმართ გულუხვი გახლდათ და მიღებული თანხიდან საკმაოდ მაღალ პროცენტებს მიხდიდა. ასე რომ ფინანსები აქ არაფერ შუაშია.
ცნობისათვის, კარლოს ალკარასს კარიერის მანძილზე როგორც როლან გაროსი (2024, 2025), ასევე უიმბლდონი (2023, 2024) და ამერიკის ღია პირველობა (2022, 2025) ორჯერ აქვს მოგებული, ხოლო ავსტრალიის ღია პირველობაზე მისი მაქსიმუმი მეოთხედფინალური ეტაპია.