„მადლობა ყველაფრისთვის“ - ალკარასი ფერეროს დაემშვიდობა
დიდი სლემის ტურნირების ექვსგზის ჩემპიონმა და მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ესპანელმა კარლოს ალკარასმა, მწვრთნელ ხუან კარლოს ფერეროსთან თანამშრომლობის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
„ამის დაწერა ჩემთვის ძალიან რთულია. 7 წელზე მეტი ხნის ერთობლივი მუშაობის შემდეგ, მე და ხუანმა გადავწყვიტეთ თანამშრომლობა დავასრულოთ. მადლობა, რომ ჩემი ბავშვობის ოცნებები რეალობად აქციე. ეს გზა მაშინ დავიწყეთ, როცა ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი და ის მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემ გვერდით იყო - კორტზეც და მის ფარგლებს გარეთაც. ჩვენ შევძელით მწვერვალამდე მიღწევა და ვგრძნობ, რომ ჩვენი გზები სწორედ ასე უნდა გაიყაროს, როცა ზუსტად იმ ადგილზე ვიმყოფები, რისთვისაც ეს გზა დავიწყეთ. მან გამზარდა როგორც სპორტსმენი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, როგორც პიროვნება. ძალიან ვაფასებ ჩვენს ერთობლივ მუშაობას. ახლა ორივესთვის ცვლილებების, ახალი თავგადასავლებისა და ახალი პროექტების დრო დადგა. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ახალი მიღწევებისთვის მაქსიმუმს გავიღებთ, როგორც ამას ყოველთვის ერთად ვაკეთებდით. მთელი გულით გისურვებ ყველაფერ საუკეთესოს. მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, რომ ერთმანეთს ყველაფერი მივეცით, რაც კი შეგვეძლო. მადლობა ყველაფრისთვის, ხუან!“ — დაწერა ალკარასმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის სეზონში კარლოსმა დიდი სლემის ორი ტურნირი მოიგო — როლან გაროსი და აშშ-ის ღია პირველობა. ასევე გაიმარჯვა სამ მასტერსზე (მონტე-კარლოში, რომსა და ცინცინატიში) და სამ 500-იან ტურნირზე.
ამასთან, სეზონებს შორის შესვენებისას მან საჩვენებელი მატჩი გამართა მაიამიში (აშშ) ბრაზილიელ ჟოაო ფონსეკასთან და სამ სეტში გაიმარჯვა.