„საქართველოსთან მატჩი გადაწყვეტს ჯგუფიდან ვინ გავა“ | იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
3 დეკემბერს, რაგბის მსოფლიო თასის წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა ცნობილი გახდა. „ბორჯღალოსნები“ B ჯგუფში მოხვდნენ და ჩვენი ოპონენტები სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი არიან.
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გონსალო ქუესადამ წილისყრის შედეგები შეაფასა და საქართველოზე დეტალურად ისაუბრა: „არ გაგვიმართლა და პირველი და მესამე კალათიდან ყველაზე რთული მეტოქეები შეგვხვდა. ძნელი ჯგუფი მოგვიწია და სამი რთული ორთაბრძოლა გველოდება.
სამხრეთ აფრიკა, საქართველო და რუმინეთი ძალისმიერი სტილის მქონე გუნდები არიან და მარტივი შეხვედრა არც ერთ მათგანთან გვექნება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოლო წლებია საქართველოს ნაკრები ჩვენზე მხოლოდ რამდენიმე ადგილით დაბლა იმყოფება. თანამედროვე რაგბიში მათ დიდი სახელი აქვთ და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია.
საქართველოსთვის ისე უნდა მოვემზადოთ, როგორც ჩვენი დონის მეტოქესთან მატჩისთვის. საქართველო არის გუნდი, რომელიც მოწინააღმდეგეს სწრაფი რაგბის თამაშისა და ძლიერი მხარეების წარმოჩენის საშუალებას არ აძლევს. სავარაუდოდ, სწორედ ბორჯღალოსნებთან მატჩი გადაწყვეტს თუ ვინ გავა ჯგუფიდან სამხრეთ აფრიკასთან ერთად. ამ თამაშს სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ და ტურნირის კალენდარიც გასათვალისწინებელია.“
შეგახსენებთ, 2027 წლის ავსტრალიის მსოფლიო თასი 1 ოქტომბერს დაიწყება და 13 ნოემბერს დასრულდება. მასში პირველად მიიღებს მონაწილეობას 24 გუნდი, რომლებიც 6 ჯგუფში არიან განაწილებული და თითოეული ჯგუფს ორ-ორი მოწინავე და ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი 1/8-ფინალში გავა.