რიჩარდ ქოქრილი
Aa
Aa

ქოქრილი: ჯგუფიდან გასვლა რეალისტურია

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა და კაპიტანმა ბექა გორგაძემ, 2027 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის შემდეგ, მის შედეგებსა და მიზნებზე ისაუბრეს.

როგორც ინგლისელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ბორჯღალოსნებს ნებისმიერი გუნდისთვის შეუძლია.

„სამხრეთ აფრიკასთან ერთად ჯგუფში ყოფნა ყოველთვის ძალიან რთულია. იტალიასთან ბოლო წლებში დაძაბული და პრინციპული თამაშები გვაქვს, რუმინეთს კი ხშირად ვეთამაშებით და კარგად გვყავს შესწავლილი. ვფიქრობ, ჯგუფიდან გასვლა რეალისტურია და ეს იქნება ჩვენი მთავარი მიზანი. სამხრეთ აფრიკასთან მოგება ძალიან რთული იქნება, მაგრამ რუმინეთს აუცილებლად უნდა მოვუგოთ. იტალიასთან მატჩი ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. ბოლოს მათ რომ ვეთამაშეთ დიდ წნეხში მოვაქციეთ და მხოლოდ 3 ქულა დავთმეთ. ეს იქნება რთული და მძიმე მატჩი, სადაც ზეწოლა მეტოქეზე იქნება, რადგან ის ტიერ1-ის გუნდია. ავსტრალიაში წნეხის გარეშე მივდივართ და ფლეი ოფში გასვლით, ვეცდებით ისტორიაში შევიდეთ. მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ უკეთესები გავხდით და ნებისმიერი გუნდისთვის შეგვიძლია კონკურენციის გაწევა“ - აღნიშნა რიჩარდ ქოქრილმა.

„ჩვენ ვიცით მეტოქე გუნდების და განსაკუთრებით სამხრეთ აფრიკის თამაშის ხარისხი, მაგრამ ყველა მოწინააღმდეგეს საქართველოსთვის დამახასიათებელი უშიშარი და მებრძოლი რაგბი უნდა დავუპირისპიროთ. მიზანი ჯგუფიდან გასვლაა, რათა მსოფლიო თასზე ისტორია დავწეროთ. ვეთამაშებით მსოფლიოს საუკეთესო გუნდს - სამხრეთ აფრიკას და ბოლო წლების ერთ-ერთ პრინციპულ მეტოქე იტალიას, რომელიც ბოლო წლებში ძალიან დიდ პროგრესს განიცდის, თუმცა ჩვენ ვახერხებთ მათი წნეხში მოქცევას და შარშანდელი ნოემბრის თამაში (17:20 გენუაში) ამის კიდევ ერთი მაგალითია. შეიძლება ითქვას, რომ რაღაც მხრივ საჭირო ჯგუფში მოვხვდით და ვიცით, რომ იტალიასთან გამარჯვების შანსი გვექნება“ - განაცხადა ბექა გორგაძემ.

შეგახსენებთ, 2027 წლის ავსტრალიის მსოფლიო თასი 1 ოქტომბერს დაიწყება და 13 ნოემბერს დასრულდება. მასში პირველად მიიღებს მონაწილეობას 24 გუნდი, რომლებიც 6 ჯგუფში არიან განაწილებული და თითოეული ჯგუფუს ორ-ორი მოწინავე და ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი 1/8-ფინალში გავა.

საქართველოს ბ ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, იტალიასთან და რუმინეთთან მოხვდა. ჯგუფური ეტაპების თამაშების განრიგი 2026 წლის 3 თებერვალს გაირკვევა.

წყარო: Rugby.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იტალიასთან მატჩი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება“ - ქოქრილი მსოფლიო თასის წილისყრაზე
„იტალიასთან მატჩი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება“ - ქოქრილი მსოფლიო თასის წილისყრაზე