„იტალიასთან მატჩი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება“ - ქოქრილი მსოფლიო თასის წილისყრაზე
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკრილმა მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა შეაფასა და „ბორჯღალოსნების“ შანსებზე ისაუბრა.
რიჩარდ კოკრილის კომენტარს ცნობილი იტალიური სარაგბო პორტალი OnRugby.it ავრცელებს.
რას ამბობს კოკრილი:
„იტალიასთან მატჩი პლეი-ოფში გასასვლელად გადამწყვეტი იქნება. ველით, რომ „სპრინგბოქსი“ ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს, ამიტომ მეორე პოზიციაზე გასასვლელად, იტალიასთან გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება.“
„იტალიისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება ყოველთვის იყო განსაკუთრებული. ბოლოს, როცა მათ შევხვდით, კარგი მატჩი ჩავატარეთ, მეტოქე წნეხში მოვაქციეთ და სამწუხაროდ, 3 ქულით დავმარცხდით. მათთან შეხვედრა ფიზიკურად რთული თამაში იქნება, მაგრამ უფრო მეტად, ზეწოლის ქვეშ ისინი იქნებიან, რადგან ექვსი ერის გუნდია, ჩვენ კი შეგვიძლია აუთსაიდერის როლი ვითამაშოთ.“
„რა თქმა უნდა, მიზანი ჯგუფიდან გასვლა იქნება, საუკეთესო შემთხვევაში მეორე ადგილით. ზეწოლის გარეშე ვითამაშებთ, მაგრამ ისტორიის შექმნის შესაძლებლობა გვექნება. ავსტრალიაში წავალთ, რათა ვიბრძოლოთ და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ იმაზე უკეთესი გუნდი ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ, რომელსაც ნებისმიერთან შეუძლია კონკურენციის გაწევა.“
„რუმინეთი ხარისხიანი გუნდია და ძლიერი მეტოქე იქნება. იტალიასაც კარგად ვიცნობთ, მათ სახალისო და სწრაფი ტემპით თამაში შეუძლიათ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენი საუკეთესო თამაშით მათი გაოცება შეგვიძლია.“
„იტალიის დამარცხების და 1/8 ფინალში გასვლის რეალური შანსი გვაქვს, იქ კი ალბათ ინგლისის ნაკრებს დავუპირისპირდებით. ბევრი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი და ამისთვის მზად ვართ. ჩემი მოთამაშეები წლის განმავლობაში გაუმჯობესდნენ და უფრო უკეთესი გუნდი ვართ. გვყავს კარგი მოთამაშეები „შავი ლომის“ ფრენჩაიზში, ზოგი მათგანი კი საფრანგეთის ტოპ 14-სა და ProD2-ში თამაშობს.“
„იმედგაცრუებულები ვართ, რომ მსოფლიო თასამდე ვერ შევძლებთ პირველი დონის ქვეყნების წინააღმდეგ თამაშს და ძალების გამოცდა მხოლოდ მეორე დონის გუნდებთან მოგვიწევს. ამ ეტაპზე ერთადერთი სირთულე ეს არის.“
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასი 2027 წლის შემოდგომაზე გაიმართება, საქართველოს ნაკრების მეტოქეები კი სამხრეთ აფრიკის, იტალიისა და რუმინეთის ნაკრებები იქნებიან.