„უკეთესად თამაში შეგვიძლია“ | ჯიკიჩისა და შერმადინის კომენტარები
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდი უკრაინას დაუპირისპირდა და 79:92 დამარცხდა. მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდარ ჯიკიჩმა, და კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა კომენტარები გააკეთეს.
გიორგი შერმადინი
„ვფიქრობ, რთული თამაში იყო. მოგებას ვეცადეთ, მაგრამ უკრაინამ — როგორც შეტევაში, ისე დაცვაში — უკეთესად იასპარეზა და პირველი მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო. კიდევ ბევრი მატჩი გვაქვს გასამართი და ვეცდებით, ესპანეთთან გავიმარჯვოთ. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდსა და მწვრთნელებს. უდიდესი მადლობა მათ. დიდი მადლობა მოთამაშეებს, რომლებთანაც მითამაშია.
გულის სიღრმეში ვერ ვიჯერებ, მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. დროა, სანაკრებო კარიერას შევეშვა და, რა თქმა უნდა, გუნდს მომავალში წარმატებას ვუსურვებ. დიდი მადლობა ჩვენს სტაფს, ექიმებს და ფედერაციას. ვერ შევძლებ, თორნიკე შენგელია არ აღვნიშნო — ეს რაღაც არაადამიანურობაა. იგივე შეიძლება ერთმა პროცენტმაც არ გააკეთოს. მადლობა პირადად მას — ის ნაკრების სული და გულია.
შეუცვლელი არავინ არის. მე რომ მოვედი, ნაკრებში ფაჩულია, ნაცვლიშვილი, ცქიტიშვილი და ბოისა დამხვდნენ. ჩემამდე მაგარი მოთამაშეები იყვნენ და არ არსებობს, ვინმე არ გამოჩნდეს, ვინც ჩემზე უკეთ ითამაშებს.“
ალექსანდარ ჯიკიჩი
„თამაში ისე დავიწყეთ, როგორც დაგეგმილი გვქონდა. მოხსნებსა და სწრაფ შეტევებს ვაკონტროლებდით და პირველ მეოთხედში მათზე ცხრით მეტი მოხსნა გვქონდა. ამის შემდეგ, მომდევნო 30 წუთში, მეტოქემ 22-ით მეტი მოხსნა გააკეთა — 18-40-ზე. ასეთი თამაში მოგება ძალიან ძნელია. მოწინააღმდეგეს 92 ქულის ჩაგდების საშუალება მივეცით და არ ვართ გუნდი, რომელსაც შეუძლია მეტოქეს შეტევით აჯობოს. დაგვავიწყდა, მოსაგებად რა უნდა გაგვეკეთებინა.
ჩვენი დამახასიათებელი ნიშანი დაცვა და მოხსნებია. ამ კომპონენტებში კარგი სამუშაო არ შეგვისრულებია. მეორე ტაიმში შეგვეძლო უფრო ჭკვიანურად გვეთამაშა და შეტევები მათი საუკეთესო მცველების გავლით არ წაგვემართა, თუმცა ეს სწავლების ნაწილია. მუშაობას გავაგრძელებთ და ვფიქრობ, უკეთ თამაში შეგვიძლია.“
შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები მომდევნო შეხვედრას 30 ნოემბერს გამართავს. თბილისის დროით 22:45-ზე საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.