„ასეთი წნეხის პირობებში თამაში მარტივი არ არის“ | რა თქვეს უკრაინელებმა მატჩის შემდეგ
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდი უკრაინას დაუპირისპირდა და 79:92 დამარცხდა. მატჩის შემდეგ უკრაინელთა კალათბურთელმა, ოლექსანდრ კოვლიარმა, და მთავარმა მწვრთნელმა, აინარს ბაგაცკისმა, კომენტარები გააკეთეს.
ოლექსანდრ კოვლიარი: „ვიცოდით, რომ ძლიერი გუნდის წინააღმდეგ რთული შეხვედრა გველოდა. ჩვენი მთავარი მიზანი იყო მეტოქის ლიდერები გაგვეჩერებინა და ჩემმა თანაგუნდელებმა კარგი სამუშაო შეასრულეს. დაცვიდან შეტევაში კარგად გადავდიოდით, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, და გვქონდა შანსი მარტივი ქულები აგვეღო, რასაც გამარჯვებამდე მივყავდით.“
აინარს ბაგაცკისი: „ვიცოდით, ვის წინააღმდეგ ვთამაშობდით. თქვენი გუნდი, განსაკუთრებით აქ, საქართველოში, ფავორიტი იყო. მატჩის დასაწყისში თითქმის არ გაგვიკეთებია ის, რაც მოვამზადეთ, მაგრამ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, აგრესიულობის, დაცვისა და ენერგიის წყალობით, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, ვიპოვეთ გზა, რომ დაცვიდან შეტევაში სწრაფად გადასვლით მარტივი ქულები აგვეღო. ყველაზე მთავარი ის არის, რომ მეორე ტაიმში მოხსნებზე ვდომინირებდით. თუ ფარს აკონტროლებ, კარგი შანსი გაქვს, რომ სწრაფ შეტევებზე გადახვიდე.
საქართველოში, ასეთ არენაზე, ასეთი წნეხის პირობებში თამაში მარტივი არ არის. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ნამდვილი კაცები ვართ! მინდა, საქართველოს ნაკრებიდან ორი კალათბურთელი გამოვარჩიო: გიორგი შერმადინი ქართული კალათბურთის ლეგენდაა და დღეს ბოლო საშინაო შეხვედრა ჩაატარა. მეორე მოთამაშე არის თორნიკე შენგელია — მსოფლიოში ბევრ ასეთ ადამიანს ვერ იპოვი, რომელიც გუშინ, ბარსელონას მაისურით ჩატარებული გიჟური მატჩის შემდეგ, ნაკრებში ჩამოვა და ასეთი თავდადებით ითამაშებს.“
შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები მომდევნო შეხვედრას 30 ნოემბერს გამართავს. თბილისის დროით 22:45-ზე საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.