ჟურნალისტმა თქვა, რომ კვარა საკვანძო მოთამაშე არ არის | როგორი იყო ნასრის პასუხი
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და „პარი სენ-ჟერმენის“ ტრიუმფში უდიდესი წვლილი შეიტანა. მიუხედავად ამისა, Canal+-ის ჟურნალისტი, ფილიპ კარაიონი თვლის, რომ ის პსჟ-ის საკვანძო მოთამაშე არ არის.
Canal+-ის ერთ-ერთ სატელევიზიო პროგრამაში სწორედ „კვარაზე“ ისაუბრეს და კარაიონმა განაცხადა: „პირადად ჩემთვის, კვარაცხელია საკვანძო მოთამაშე არ არის. ის საოცარი ინდივიდუალისტია“. მას „მანჩესტერ სიტის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, სამირ ნასრიმ უპასუხა და ქართველი შეაქო.
„არა... ამაში ვერ დაგეთანხმები და თუ გინდა, შეგვიძლია, დებატები გავმართოთ. იმ დღიდან, როდესაც კონტრაქტი გააფორმა და „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა, გუნდის ტრანსფორმაცია მოახდინა. როდესაც კვარაცხელია გადმოვიდა, შეტევაში ყველაფერი შეცვალა და ბრძოლის ჟინი გააღვივა. მიმდინარე სეზონში, პლეიოფის ყველა შეხვედრაში ის იყო ფეხბურთელი, რომელმაც თამაში გახსნა და მატჩის სცენარი შეცვალა, ფინალში კი პენალტი მოიპოვა. ჩემთვის, მისი მენტალიტეტით, ბრძოლისუნარიანობით, დაცვაში თამაშითა და მოედანზე ქმედებებით — თუნდაც ვერბალურად ვერ გამოხატავდეს — ნამდვილი წამყვანი ფიგურა და ლიდერია“.
ნასრის შემდეგ ისევ კარაიონმა ილაპარაკა: „ჩემთვის — არა, ის ამ გუნდის ლიდერი არ არის. საოცარი ინდივიდუალისტი და ბრწყინვალე მოთამაშეა, დაცვასაც ეხმარება და მიმდინარე სეზონში ყველაზე კარგად გამოიყურება, მაგრამ, ვფიქრობ, ლიდერი არის ფეხბურთელი, რომელიც გუნდის ქვაკუთხედს წარმოადგენს. ჩემი აზრით, გუნდის ლიდერები მარკინიოსი, დემბელე და, ალბათ, ვიტინია არიან“.
ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის სეზონის დასრულების შემდეგ Transfermarkt-ზე კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება გაიზარდა. განახლებული მონაცემებით, „კვარას“ ფასი 140 მილიონი ევროა.