ჟორჟს მკვდარი ბურთი აუღეს - ვილიარეალმა მალიორკას მოუგო
ლა ლიგის მორიგ ტურში ვილიარეალმა მალიორკას უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა. მარსელინო გარსიამ ის მეორე ტაიმში გამოიყვანა.
ანგარიში მე-6 წუთზე მორენომ გახსნა, რასაც ზუსტად 2 წუთში სამუ კოსტამ უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა.
მეორე ნახევარში ანგარიში დიდი ხნის განმავლობაში არ იცვლებოდა. 64-ე წუთზე მინდორზე ჟორჟი გამოჩნდა და ვილიარეალი უმალ გააქტიურდა.
ქართველ თავდამსხმელს გოლის გატანის იდეალური შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმა მეტოქის მეკარემ მოიგერია და შეიძლება ითქვას, რომ ბერგსტრომმა მკვდარი ბურთი აიღო.
ამის შემდეგ, ჟორჟის აქტიურობას მალიორკას საჯარიმოში პენალტი მოყვა, თუმცა ვიდეო რეფერის გადამოწმების შემდეგ, თერთმეტმეტრიანი გაუქმდა.
საბოლოოდ, გამარჯვების მომტანი გოლი 83-ე წუთზე ოლუვასიმ გაიტანა. ჟორჟს კი აქტიური და კარგი მატჩი გამოუვიდა.
ამ მოგების შემდეგ, ყვითელ წყალქვეშა ნავს სატურნირო ცხრილში 29 ქულა დაუგროვდა და მესამე ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში ვილიარეალი სოსიედადს ესტუმრება.