ბორჯღალოსნები წლის ბოლო მატჩს იაპონიასთან გამართვენ
2025 წლის დასკვნით მატჩს ბორჯღალოსნები საქართველოში, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე გამართავენ. 22 ნოემბერს, ჩვენი გუნდი თბილისში, „მიხეილ მესხზე“ ტიერ1-ის გუნდს, იაპონიას უმასპინლებს. შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.
ამ თამაშის შედეგს უდიდესი მნიშვნელობა აქვს 2027 წლის მსოფლიო თასის კენჭისყრის წინ, რომელიც 3 დეკემბერს გაიმართება. იმ მომენტისთვის მსოფლიო რაგბის რეიტინგში დაკავებული ადგილების მიხედვით, გუნდები (შეგახსენებთ, მსოფლიო თასზე მონაწილე გუნდების რაოდენობა 24-მდე გაიზარდა) 4 კალათაში განაწილდებიან: პირველ კალათაში 1-6 ნაკრებები მოხვდებიან, მეორეში 7-12, მესამეში 13-18 და მეოთხეში 19-24.
შესაბამისად, კენჭისყრისას ერთ კალათაში მყოფი გუნდები მსოფლიო თასზე ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან. 22 ნოემბერს იაპონიასთან გამარჯვების, ან შეხვედრის ფრედ დასრულების შემთხვევაში, საქართველო ჯგუფურ ეტაპზე არ შეხვდება მასპინძელ ავსტრალიას, ფიჯის, შოტლანდიას, იტალიას და უელსს. მესამე კალათიდან მისი პოტენციური მეტოქეები იქნებიან იაპონია, ესპანეთი, ურუგვაი, აშშ, სამოა (მსოფლიო თასის საგზურის მოპოვების შემთხვევაში. ხვალ გაირკვევა ბელგიასთან მატჩით) და ჩილე.
მოცემული მომენტისთვის საქართველო რეიტინგში მე-11 ადგილს (74,69 ქულა) იკავებს. მას მოსდევს უელსი (74,23) და იაპონია (72,58) და მნიშვნელოვანია, ბორჯღალოსნებმა აღნიშნული პოზიცია შეინარჩუნონ.
ამასთან, საქართველოს წელს ტიერ1-ის გუნდი არ დაუმარცხებია და ახლა ამის შესანიშნავი შესაძლებლობა ექნება, ამისათვის კი გულშემატკივრის მხარდაჭერა ესაჭიროება.
შეგახსენებთ, ნოემბერში ბორჯღალოსნებმა უკვე გამართეს ორი შეხვედრა და ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ ჯერ აშშ დაამარცხეს 43:30, მერე კანადა 38:17.
რაც შეეხება იაპონიას, მან ბოლო 4 კვირის განმავლობაში ტიერ1-ის გუნდებთან 4 თამაში გამართა და მართალია ოთხივე დათმო, თუმცა უდიდესი გამოცდილება შეიძინა. 25 ოქტომბერს იაპონიას ავსტრალიამ 19:15 სძლია; 1 ნოემბერს სამხრეთ აფრიკამ 61:7 მოუგი; 8 ნოემბერს ირლანდიამ 41:10, ხოლო 15 ნოემბერს უელსმა გაწითლებულ დროზე გატანილი ჯარიმით 24:23 აჯობა.
ბორჯღალოსნებს იაპონიასთან აქამდე 7-ჯერ უთამაშიაღ და მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე შარშან სტუმრად დაამარცხეს, მათთან ჯერ კიდევ უარყოფითი ბალანსი აქვთ. განვლილი თამაშებიდან სამი თბილისში, „მიხეილ მესხზე“ გაიმართა, სამჯერი აპონელებმა გვიმასპინძლეს, ერთი შეხვედრა კი ნეიტრალურ მოედანზე შედგა. მათგან ორი ბორჯღალოსნების გამარჯვებით დასრულდა, 5-ში კი მეტოქემ იმარჯვა.
ჩვენმა გუნდმა იაპონიას პირველად 2006 წელს ოსაკაში ეთამაშა და მასპინძლებმა 32:7 გაიმარჯვეს. 2012 წელს აზიელები „მიხეილ მესხზე“ ეწვივნენ და ბოლო წუთზე აღებული 3 ქულით 25:22 მოიგეს. 2014 წელს იაპონელებს კვლავ „მესხზე“ დაუხდა და ამჯერად 35:24 გაიმარჯვეს.
მომდევნო წელს იაპონელებს ინგლისში, გლოსთერში მსოფლიო თასის წინ შევხვდით (10:13), 2016-ში კი მესამედ ვუმასპინძლეთ თბილისში (22:28). 2018 წელს მასპინძლებმა იაპონიაში მშრალი ანგარიშით, 28:0 გვაჯობეს, შარშან ზაფხულში კი მათ სენდაიში ვეწვიეთ და 25:23 დავამარცხეთ.
წყარო: Rugby.ge