სტეფ კარი:
Aa
Aa

სტეფ კარი: "ფაჩულიამ ჩვენს შარშანდელ ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა"

წლევანდელ სეზონში პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც „გოლდენ სტეიტის“ მწვრთნელმა სტივ კერმა ქართველი ცენტრი მთელი მატჩის განმავლობაში სათადარიგო სკამზე დატოვა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ზაზამ აღნიშნა: "ნამდვილად არაა ადვილი ასეთ სიტუაციაში ყოფნა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, ყველაფერი თამაშის ნაწილია. კერი საუკეთესო ხუთეულის ძიებაშია, მე მას ასი პროცენტით ვენდობი და მზად ვარ გუნდისთვის ყველაფერი გავაკეთო. არსებობს საკითხები, რომლებსაც ცხოვრებაში ვერ გააკონტროლებ, ამიტომ კონცენტრაცია იმაზე უნდა მოვახდინო, რისი გამოსწორებაც შემიძლია".

ფაჩულიამ წლევანდელ სეზონში სასტარტო შემადგენლობაში 53 შეხვედრა დაიწყო, უკანასკნელ 5 მატჩში კი ქართველი ცენტრი თამაშში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო. მის ნაცვლად სასტარტო ხუთეულში გამოჩენილმა ჯავალ მაკგიმ კი სტივ კერის მოწონება დაიმსახურა.

საინტერესოა, რომ ფაჩულიას, „ბრუკლინთან“ დაპირისპირებაში ჯორდან ბელის ტრამვის შემდეგაც არ ერგო სათამაშო დრო და მის ნაცვლად პარკეტზე კევინ ლუნი ვიხილეთ.

მიუხედავად ყველაფრისა კერმა ფაჩულია შეაქო და განაცხადა: "სასტარტო ხუთეულში ცენტრის პოზიცია გარანტირებული არავისთვისაა, თუმცა ზაზა კარგი კალათბურთელია და დარწმუნებული ვარ წლევანდელ სეზონში იგი გუნდს აუცილებლად გამოადგება"

გუნდში მიმდინარე ცვლილებებს „მეომრების“ ვარსკლავი სტეფ კარიც გამოეხმაურა: "ზაზა ნამდვილი პროფესიონალია, მან იცის გუნდისთვის რა არის აუცილებელი და მზადაა წარმატებისთვის ყველაფერი გაიღოს. ფაჩულიამ ჩვენს შარშანდელ ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა და დარწმუნებული ვარ წლევანდელ სეზონშიც, საჭირო დროს სათამაშოდ 100 პროცენტით მზად იქნება".

უკანასკნელ 5 შეხვედრაში ფაჩულია სათადარიგო სკამიდან 4.2 ქულას და 2.8 მოხსნას აგროვებს, თუმცა ზაზა იმედს არ კარგავს და მომავლისთვის ემზადება: "ცვლილებები არასდროსაა ადვილი, შეხედეთ ანდრე იგუდალას, იგიც სათადარიგო სკამიდან ერთვება თამაშში მაგრამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. მნიშვნელობა არ აქვს მატჩის რა პერიოდში ვითამაშებ, მთავარია ჩემი თამაში გუნდს წარმატების მოპოვებაში დაეხმაროს".

მსგავსი სიახლეები