რაგბი ევროპამ 2026 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა | ბორჯღალოსნები
რაგბი ევროპის 17-გზის გამარჯვებული საქართველო ტიტულის დაცვას 8 თებერვალს დაიწყებს და 6-კვირიან მარათონს 15 მარტს მადრიდში დაასრულებს.
ჩემპიონატი 2026 წელსაც შარშანდელი სისტემით გაიმართება. პირველ ეტაპზე 8 გუნდი ორ ჯგუფში გადანაწილდება, საიდანაც ორ-ორი მოწინავე თასის ნახევარფინალში გავა, დანარჩენები კი V-VIII ადგილებისათვის გააგრძელებენ ბრძოლას.
2025 წლის მსგავსად, ბორჯღალოსნები გაისადაც ა ჯგუფში ითამაშებენ და მისი მეტოქეები ესპანეთი, ნიდერლანდები და შვეიცარია იქნებიან. ამჯერად შეიცვლებიან მასპინძელი გუნდები და შვეიცარიასა და ნიდერლანდებს სტუმრად ვეთამაშებით, ესპანეთს კი თბილისში დავუხვდებით. ბ ჯგუფში პორტუგალია, რუმინეთი, გერმანია და ბელგია მოხვდნენ.
ჩვენი გუნდი ჩემპიონატს შვეიცარიასთან მატჩით 8 თებერვალს, ივერდონში იწყებს, ნიდერლანდებს 15 თებერვალს ამსტერდამში ეწვევა, ჯგუფურ ეტაპს კი 21 თებერვალს თბილისში (ავჭალაზე), ესპანეთთან დაასრულებს.
ნახევარფინალები 7-8 მარტს გაიმართება. თითოეული ჯგუფის პირველი და მესამე ადგილოსანი გუნდები საკუთარი მოედნის უპირატესობით ისარგებლებენ, ფინალური შეხვედრები კი 15 მარტს ერთ ლოკაციაზე, მადრიდში შედგება.
ამრიგად, 2026 წლის თებერვალ-მარტში, ბორჯღალოსნები საუკეთესო შემთხვევაში საქართველოში მხოლოდ ორ თამაშს გამართავენ - ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთთან და ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში ნახევარფინალს.
მანამდე კი მათ ნოემბრის სამი ტესტ-მატჩი ელით საქართველოში - 8 და 15 ნოემბერს ბათუმში, შესაბამისად აშშ-სა და კანადასთან, 22 ნოემბერს კი თბილისში, „მიხეილ მესხზე“ იაპონიასთან. სამივე შეხვედრა 16 საათზე დაიწყება.
წყარო: Rugby.ge