ფლორენტინო პერესი, ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

ბარსა და ნეგრეირას საქმე - სასამართლომ რეალის მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია

ესპანეთის სასამართლომ ნეგრეირას საქმეზე „რეალის“ მოთხოვნა, რომ მათ დოკუმენტები გადასცემოდათ - უარყო.

2023 წელს „ბარსელონასა“ და მის ხელმძღვანელობას ქრთამის მიცემის ბრალდება წაუყენეს. საქმე ეხებოდა მსაჯთა ტექნიკური კომიტეტის (CTA) ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირას მოსყიდვას, რომელიც ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციაში (RFEF) მუშაობდა. სასამართლომ შესაძლო დანაშაულად მიიჩნია „ბარსელონას“ მიერ ნეგრეირასთვის რამდენიმე მილიონი ევროს გადახდა 2001-დან 2018 წლამდე პერიოდში და საქმის ძიება დაიწყო.

„რეალმა“, რომელიც სასამართლოში კერძო ბრალმდებლის სტატუსით გამოდის, მოითხოვა წვდომა ნეგრეირასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციასა და მასალებზე, მათ შორის აუდიტორულ შემოწმებებზე, კომპლექსური რევიზიის ანგარიშებსა და წლიურ რეპორტებზე. „ბარსელონას“ ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟოზეპ ბარტომეუმ, უარი თქვა „რეალის“ მოთხოვნით რაიმე დამატებითი დოკუმენტაციის გადაცემაზე იმ მიზეზით, რომ მადრიდულმა კლუბმა შესაძლოა ეს მასალები სასამართლო პროცესთან შეუსაბამო მიზნებისთვის გამოიყენოს.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა „რეალის“ მოთხოვნა დამატებითი დოკუმენტაციის თაობაზე და მოთხოვნები დაუსაბუთებლად მიიჩნია. მადრიდულ მხარეს სურდა წვდომა „ბარსელონას“ ფინანსურ ანგარიშგებებზე 2003-დან 2021 წლამდე პერიოდში, აუდიტის შედეგების ჩათვლით.

ზემოხსენებული საქმის ძიება დღემდე მიმდინარეობს, თუმცა ბოლო დროს ნაკლებ ხმაურს იწვევს, რადგან სასამართლომ „ბარსელონას“ წინააღმდეგ ვერც ერთი დამადასტურებელი ფაქტი ვერ წარადგინა, რომელიც კატალონიური კლუბის დასჯას გამოიწვევდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები