შენგელიას 12 ქულა | ბარსელონამ მეოთხე მეოთხედი 17 ქულით წააგო და ოლიმპიაკოსთან დამარცხდა
თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ ევროლიგაზე „ოლიმპიაკოსთან“ დამარცხდა - 75:87. კატალონიელებმა პირველი ტაიმი 37:46 წააგეს. „ბარსამ“ მესამე მეოთხედი შესანიშნავად ჩაატარა და მეტოქეზე 14-ით მეტი ქულა ჩააგდო, 27:13, თუმცა ბოლო პერიოდში ძალიან ცუდად ითამაშა - 11:28.
შენგელიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ქართველმა კალათბურთელმა შეხვედრა 12 ქულით, 8 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით დაასრულა. თორნიკემ 8-დან 5 ორქულიანი გამოიყენა, 1 სამიანი გააფუჭა და 4-დან 2 საჯარიმო სროლა ჩააგდო.
„ბარსელონას“ რიგებში შენგელიაზე მეტი ქულა კევინ პანტერს (15), დარიო ბრისუელას (14) და უილ კლაიბერნს (14) ჰქონდათ. „ოლიმპიაკოსის“ მხრიდან ბრწყინვალე იყო ალექსანდარ ვეზენკოვი - 20 ქულა, 11 მოხსნა.
ცნობისთვის, „ბარსელონას“ 16 მოგება და 9 წაგება აქვს და ევროლიგის სატურნირო ცხრილის მეხუთე პოზიციას იკავებს. „ბლაუგრანა“ მომდევნო შეხვედრას 1-ელ თებერვალს, „მურსიას“ წინააღმდეგ გამართავს.