სპალეტი იუვენტუსში? - ვეტერანები მის კანდიდატურას მხარს უჭერენ
როგორც მოგეხსენებათ ტურინის იუვენტუსიდან იგორ ტუდორი გაუშვეს. მას ბოლო პერიოდში წაგებული მატჩები აღარ აპატიეს.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ბებერი ქალბატონის მწვრთნელად ლუჩიანო სპალეტი განიხილება. ბევრი იწერება, რომ ტურინულმა კლუბმა მას შეთავაზება გაუკეთა.
66 წლის სპეციალისტის დანიშვნას ჯანლუიჯი ბუფონი ემხრობა. ასევე თავისი მოსაზრება დააფიქსირა ფრანჩესკო ტოტიმაც.
რა თქვა ტოტიმ?
„სპალეტი იუვენტუსში? შესანიშნავი იდეაა. ის ძლიერი სპეციალისტია, რომელიც სადაც არ უნდა მუშაობდეს, მუდამ წარმატებისთვის იბრძვის.“
რა თქვა ბუფონმა?
„სპალეტი ნებისმიერი დიდი კლუბისთვის იდეალური მწვრთნელია. ის შესანიშნავი ადამიანი და მწვრთნელია. სპალეტის კარგად გამოსდის ავტორიტეტებთან და ქარიზმატულ ფეხბურთელებთან მუშაობა.“
შეგახსენებთ, რომ სპალეტის იტალიურ ფეხბურთში კოლოსალური გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს, ემპოლის, სამპდორიას, ვენეციას, უდინეზეს, ანკონას, რომას, ინტერს და ნაპოლის წვრთნიდა. ბოლოს ლუჩიანო იტალიის ნაკრების დამრიგებელი იყო.