„შეეძლო ლამინისთვის დაერეკა“ - დე იონგი კარვახალს დაუპირისპირდა
„რეალი“ – „ბარსელონას“ (2:1) დაძაბული მატჩის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელებს შორის სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. ბუნებრივია, სამეფო კლუბის მოთამაშეთა უმეტესობა ლამინ იამალის წინააღმდეგ იყო მომართული, რომელმაც „ელ კლასიკომდე“ ორიოდე დღით ადრე იმდენად სკანდალური განცხადება გააკეთა, რომ დუღილის ტემპერატურამ კიდევ უფრო აიწია. როგორც ჩანს, ჯგუფური დაპირისპირება სწორედ იამალისა და დანიელ კარვახალის შეკამათებით დაიწყო, რის შესახებაც ფრენკი დე იონგმა დეტალურად ისაუბრა:
„ჩემთვის კარვახალის საქციელი გაუგებარია. ის არბიტრის საფინალო სასტვენის შემდეგ ლამინთან მივიდა და განუცხადა, რომ ბევრს ლაპარაკობდა. არადა, ეს ყველაფერი შეეძლო „კლასიკოს“ დაწყებამდე ტელეფონითაც გაეკეთებინა. მითუმეტეს, რომ ისინი ესპანეთის ნაკრებში თანაგუნდელები არიან, კარვახალი გუნდის კაპიტანია და თუ „ფურია როხას“ ერთ-ერთ ლიდერთან რაიმე უკმაყოფილება აქვს, ამას ყველას დასანახად არ უნდა გამოთქვამდეს. რაც შეეხება იამალის ცნობილ სიტყვებს, ყველაფერი გაზვიადებულია და სხვა არაფერი“.
შეგახსენებთ, რომ „რეალი“ – „ბარსელონას“ შეხვედრაში აურზაური არბიტრის მიერ დამატებულ მეცხრე წუთზე დაიწყო, როდესაც პედრიმ იუხეშა, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს, რის გამოც მომდევნო ტურში ვერ ითამაშებს.