3 გოლი, გათიშული იამალი, წითელი და ჩხუბი | 262-ე „კლასიკო“ რეალმა მოიგო
ესპანეთის ლა ლიგის მე-10 ტურში, გულშემატკივარმა „ელ კლასიკო“ იხილა. რიგით 262-ე „კლასიკოში“ მადრიდის „რეალმა“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „ბარსელონას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, 2:1 დაამარცხა. შესაბამისად, ჩაბი ალონსომ სადებიუტო კლასიკოც მოიგო.
სამივე გოლი პირველ ნახევარში გავიდა, რომელიც „სამეფო კლუბის“ უპირატესობით წარიმართა. ჩაბი ალონსოს გუნდმა მთელი მატჩის განმავლობაში „ბარსელონას“ კართან მრავალი საგოლე მომენტი შექმნა, თუმცა, მხოლოდ ორ გოლს დასჯერდა, რაც დიდწილად, ვოიცეხ შჩესნის დამსახურებაა, რომელმაც „ბლაუგრანა“ გაშვებული გოლისგან არა ერთხელ იხსნა.
ანგარიში 22-ე წუთზე, კილიან მბაპემ ეფექტური შორეული დარტყმით გახსნა. 38-ე წუთზე, ფერმინ ლოპესმა წონასწორობა აღადგინა, გამარჯვების გოლი კი ზუსტად 5 წუთში, ჯუდ ბელინგემმა გაიტანა. 52-ე წუთზე კილიან მბაპეს „ბარსელონას“ კარში მესამე გოლის გატანა შეეძლო, თუმცა მის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი შჩესნიმ მოიგერია.
შეხვედრის მიწურულს, ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე, პედრიმ ჩუამენის წინააღმდეგ იუხეშა, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო, ამას კი ფეხბურთელებსა და შტაბის წევრებს შორის დაპირისპირება მოყვა.
დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და შედეგად, „რეალმა“ 262-ე „ელ კლასიკო“ მოიგო. საერთო ჯამში, მადრიდულმა კლუბმა 106-ედ მოახერხა „კლასიკოს“ მოგება, „ბარსელონას“ ანგარიშზე კი 104 გამარჯვებაა. 52 მატჩიც ფრედ დასრულდა.
ამ გამარჯვებით, „რეალმა“ სატურნირო ცხრილში 27 ქულა დააგროვა და „ბარსელონას“ 5 გაუსწრო. ჩაბი ალონსოს გუნდი ცხრილში კვლავ პირველ ადგილს იკავებს, „ბლაუგრანა“ კი 22 ქულით მე-2 პოზიციაზეა.