13 ქულა 33 წამში - ტრეისი მაკგრეიდის დაუჯერებელი პერფორმანსი
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გატარებული 16 სეზონის განმავლობაში ტრეისი მაკგრეიდიმ არაერთი დაუვიწყარი პერფორმანსი შემოგვთავაზა, თუმცა 33 წამში ჩაგდებულ 13 ქულას ალბათ არაფერი შეედრება.s
2004 წლის 9 დეკემბერი, „ჰიუსტონი“ „სან-ანტონიოსთან“ პრინციპულ მატჩში მარცხდება. ტიმ დანკანის მიერ ჩაგდებული საჯარიმოს შემდეგ მატჩის დასრულებამდე ზუსტად ერთი წუთი რჩება, „როკეტსი“ კი 10 ქულას აგებს - და სწორედ აქ იწყება მაკგრეიდის შოუ.
დაცვაში თამაშის მხრივ „სპურსი“ მაშინ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო. ტიმ დანკანი და ბრიუს ბოუენი ტრეისის გასანეიტრალებლად ყველაფერს აკეთებდნენ და ეს საკმაოდ კარგად გამოსდიოდათ - მესამე მეოთხედის დასრულების შემდეგ „ტი-მაკის“ ანგარიშზე თამაშიდან ნასროლი 19 ბურთიდან მხოლოდ 6 ჩააგდო და ამაზე მოგვიანებით თავადაც საუბრობდა - „სპურსი“ შესანიშნავად თამაშობდა დაცვაში, მე კი სამქულიანების სროლა მიჭირდა“.
მატჩის დასრულებამდე 35 წამით ადრე მაკგრეიდიმ სამქულიანი ჩააგდო, როცა „ჰიუსტონი“ 8 ქულას აგებდა. დევინ ბრაუნმა ორი საჯარიმო გამოიყენა და „სან-ანტონიო“ +7 დაწინაურდა - მხოლოდ 31.9 წამი მატჩის გადასარჩენად.
მაკგრეიდი არ გაჩერდა და კიდევ ერთი სამიანი ჩააგდო, თანაც დანკანი დააჯარიმა - სწორედ ამ დროს ირწმუნა „ტი-მაკმა“ საკუთარი ძალების.
„არ ვიცი, რა დამემართა. სხვათა შორის, მეტი ქულა უნდა ჩამეგდო, იმიტომ რომ ბრიუს ბოუენი განუწყვეტლივ არღვევდა წესებს. ვერ ვხსნი, ეს როგორ გამომივიდა. უბრალოდ მოგება მინდოდა და ვცდილობდი, გამეკეთებინა ყველაფერი, რაც შეიძლებოდა. როდესაც მეორე სამიანი ჩავარდა, მივხვდი, რომ სროლებს აღარ გავაფუჭებდი.
შეუძლებელია, მოედანზე ყოველთვის მაქსიმალურად თავდაჯერებული იყო. ხანდახან შენი ძალების არ გჯერა და ხედავ, რომ სროლები არ გამოგდის. ამ შემთხვევაში ხშირად სროლისგან თავს იკავებ, თუმცა ეს ეპიზოდი გადამწყვეტი აღმოჩნდა. 4 ქულა ჩავაგდე და ვიგრძენი, რომ სუპერძალები დამიბრუნდა“.
ბევრის აზრით, „ტი-მაკს“ უბრალოდ გაუმართლა, მაკგრეიდი კი ამბობს, რომ ეს სეზონის წინ მისი მუხლჩაუხრელი მუშაობის შედეგი იყო.
ამის შემდეგ ტრეისიმ კიდევ ორი სამქულიანი ჩააგდო, ხოლო როდესაც მისი ბოლო სროლა ჩავარდა, „ჰიუსტონი“ 81:80 დაწინაურდა, „სპურსს“ კი მატჩის გადასარჩენად მხოლოდ 1,7 წამი რჩებოდა.
„ჩემს თავს ვეუბნებოდი - არ დანებდე. უბრალოდ მოითხოვე ბურთი და ეცადე, სასროლ პოზიციაზე აღმოჩნდე. თუ ბურთს დავკარგავთ, ჩაჭერი პასი ან დაჯარიმდი, შემდეგ კი იმედი იქონიე, რომ ისინი საჯარიმოებს გააცუდებენ“.
მაკგრეიდის ფენომენალურ თამაშზე ისაუბრა „სპურსის“ კალათბურთელმა, ბრიუს ბოუენმაც - „ეს არანორმალური მონაკვეთი იყო. ნამდვილი მაგია - ტრეისი კალათბურთის ღმერთივით თამაშობდა“.
აღსანიშნავია ისიც, რომ „სპურსი“ იმ სეზონში ჩემპიონი გახდა, დიდწილად დაცვაში კარგი თამაშის ხარჯზე - რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მაკგრეიდის სუპერპერფორმანსის მნიშვნელობას, რომელიც „ტი-მაკმა“ 33 ქულით დაასრულა.
მაკგრეიდი ვერ გახდა ჩემპიონი, 7-ჯერ ითამაშა „ყველა ვარსკვლავის მატჩში“, ორჯერ გახდა სეზონის საუკეთესო მექულე - თუმცა 33 წამში ჩაგდებული 13 ქულით სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი NBA-ის ისტორიაში.
ტრეისი მაკგრეიდის 13 ქულა 33 წამში