მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეები | 48-დან 28 ქვეყანა უკვე ცნობილია
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეები | 48-დან 28 ქვეყანა უკვე ცნობილია

2026 წელს მექსიკაში, კანადასა და აშშ-ში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად 48 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. კონტინენტებზე შესარჩევი ეტაპები დასკვნით ფაზაში შედის, ზოგიერთმა ქვეყანამ კი მუნდიალის საგზური უკვე გაინაღდა.

ევროპა

უეფას ზონაში საკვალიფიკაციო მარტში დაიწყო, ზოგიერთი ქვეყანა კი შესარჩევში სექტემბრიდან ჩაერთო, შესაბამისად, მონაწილეების უმეტესობის ვინაობა ნოემბერში გაირკვევა. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც უკვე მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატზე ევროპიდან, ინგლისია. თომას ტუხელის გუნდმა 6-ვე მატჩი მოიგო და ორი ტურით ადრე უახლოეს მდევარს, ალბანეთს 7 ქულით უსწრებს. პორტუგალიას, საფრანგეთს, ნიდერლანდებს, ხორვატიასა და ბელგიას კვალიფიკაციამდე ერთი მოგება აშორებს.

აზია

აზიის კონტინენტზე კვალიფიკაციის ხუთრაუნდიანი სისტემა მოქმედებს. მესამე ეტაპზე მუნდიალის საგზურები იაპონიამ, ირანმა, უზბეკეთმა, სამხრეთ კორეამ, იორდანიამ და ავსტრალიამ მოიპოვეს, მეოთხე ეტაპზე კი მათ კატარი და საუდის არაბეთი შეუერთდნენ. ერაყი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ორმატჩიან დაპირისპირებაში 13 და 18 ნოემბერს პლეიოფის საგზურს გაითამაშებენ.

აფრიკა

შესარჩევი ეტაპი აფრიკაში თითქმის ორ წელიწადს გრძელდება, მუნდიალზე კი 8 ნაკრები პირდაპირ ხვდება, ერთი კი პლეიოფში მონაწილეობს. 8-ვე პირდაპირი საგზური უკვე მოიპოვეს ეგვიპტემ, სენეგალმა, სამხრეთ აფრიკამ, კაბო ვერდემ, მაროკომ, კოტ-დივუარმა, ალჟირმა, ტუნისმა და განამ. პლეიოფში მოსახვედრად ნოემბერში გაბონი, ნიგერია, კამერუნი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა იბრძოლებენ.

ჩრდილოეთ/ცენტრალური ამერიკა

კანადა, მექსიკა და აშშ შესარჩევში არ მონაწილეობენ, ამიტომ კვალიფიკაციის გადამწყვეტი ეტაპი ნოემბერში შედგება, ამ დროისთვის კი მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის მთავარი კანდიდატები იამაიკა, ჰონდურასი და სურინამი არიან.

სამხრეთ ამერიკა

კონმებოლის საკვალიფიკაციო სექტემბერში დასრულდა, მუნდიალზე კი არგენტინა, ეკვადორი, კოლუმბია, ურუგვაი, ბრაზილია და პარაგვაი მოხვდნენ. ბოლივიის ნაკრებმა პლეიოფის საგზური მოიპოვა.

ოკეანეთი

ახალი ზელანდიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მესამედ იასპარეზებს, ახალი კალედონიის ნაკრები კი პლეიოფში მიიღებს მონაწილეობას.

კონტიტენტთაშორისი პლეიოფი

კონტიტენტთაშორის პლეიოფში აზიის 1, აფრიკის, ჩრდილოეთ/ცენტრალური ამერიკის 2, სამხრეთ ამერიკის 1 და ოკეანეთის 1 ქვეყანა ითამაშებს. პლეიოფის შედეგად მუნდიალის ორი საგზური გათამაშდება. მატჩები 2026 წლის მარტში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანაკრებო ფეხბურთის საუკეთესო ასისტენტი | მესის მორიგი რეკორდი
სანაკრებო ფეხბურთის საუკეთესო ასისტენტი | მესის მორიგი რეკორდი