კლოდ მაკელელე
Aa
Aa

როგორ დაკარგა რეალმა მსოფლიოში საუკეთესო მცველი - მაკელელეს ისტორია

2003 წლის ზაფხულში, კლოდ მაკელელე გაიფიცა. სეზონისწინა პირველ ვარჯიშზე, მან მადრიდის „რეალის“ ახალ მწვრთნელს, კარლოს კეირუშს, განუცხადა, რომ ვარჯიშს არ აპირებდა.

პანიკაში მყოფმა კეირუშმა კლუბის სპორტულ დირექტორს, ხორხე ვალდანოს დაურეკა. ეს უკანასკნელი მაკელელესთან მივარდა და აუხსნა, რომ„რეალს“ არ ჰყოფნიდა ფული ხელფასის გასაზრდელად და კლოდს მოქმედი კონტრაქტით უნდა გაეგრძელებინა მუშაობა.

არ ჰყოფნის ფული? აბა ბექჰემი რითი იყიდეთ?“ – გაუკვირდა მაკელელეს. ვალდანო გაჩუმდა, შემდეგ კი ვარჯიშზე უარის თქმის გამო, ჯარიმით დაემუქრა.

კლოდის მამამ, ანდრე-ჟოზეფმა, რომელიც გვერდით იჯდა, თქვა: „ბოლო სამი წელი ჩემი შვილი გიჟივით მუშაობდა, თქვენ მას ხელფასის გაზრდას დაპირდით. შეასრულეთ დაპირება ან გაუშვით სხვა კლუბში. თუ არც ერთს გააკეთებთ და არც მეორეს, მას აფრიკაში წავიყვან და ფეხბურთს აღარასდროს ითამაშებს“.

კლოდ მაკელელე

კლოდ მაკელელე აფრიკაში რვა წლამდე ცხოვრობდა.

როდესაც ის ხუთი წლის იყო, მამამისი, რომელიც ასევე ფეხბურთელი იყო, ბელგიაში გაიქცა. ზაირის პრეზიდენტი ფეხბურთელებს ქვეყნის დატოვებას უკრძალავდა, ამიტომ ანდრე-ჟოზეფი ვერ გადავიდა „სანტოსში“, რომელიც მას აფრიკული ტურნეს დროს ეძახდა.

ამ შემთხვევის შემდეგ, წასვლის სურვილი კიდევ უფრო გაუძლიერდა, მაგრამ ცოლი წინააღმდეგი იყო. ამის გამო, ჩხუბი მოუვიდათ, ქალმა ბავშვები წაიყვანა და მშობლებთან დაბრუნდა.

ამან მხოლოდ დააჩქარა ანდრე-ჟოზეფის გამგზავრება და ბრიუსელში გაფრინდა, სადაც მაშინვე მიიღო მეორე მოქალაქეობა, როგორც ადამიანმა, რომელიც დაიბადა იმ დროს, როდესაც ზაირი ბელგიის კოლონია იყო.

სკოლაში კლოდს სცემდნენ, მასწავლებლები ქრთამს ითხოვდნენ - კინშასაში ცხოვრება აუტანელი გახდა. სწორედ ამ დროს მამამ მისწერა. წასვლიდან სამი წლის შემდეგ მან შეატყობინა, რომ ბელგიიდან საფრანგეთში გადავიდა და ოჯახი თავისთან მიიწვია.

1981 წელს, კლოდი თავის დასთან და ბიძასთან ერთად, მამასთან გაემგზავრა, დედა კი უმცროს ვაჟთან, ერთად ზაირში დარჩა. მამისი იმ დროს საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობდა. პირდაპირი რეისი კინშასა - პარიზი არ იყო, ამიტომ რომში გაფრინდნენ, საიდანაც საფრანგეთში მატარებლით უნდა ჩასულიყვნენ.

რომის აეროპორტში კლოდს მამის ნაცვლად, გოგონა, სახელად ბეატრისი შეხვდა. ასე გაიგო კლოდმა, რომ მამას ახალი ცოლი და მას კი კიდევ ერთი ძმა, ექვსი თვის ერიკი ჰყავდა.

კიდევ ერთი სიახლე ის იყო, რომ მამამ საფეხბურთო კარიერა მიატოვა და ქარხანაში დაიწყო მუშაობა. ანდრე-ჟოზეფს ისე შეძულდა ფეხბურთი, რომ კლოდს ადგილობრივ კლუბში გაწევრიანება აუკრძალა.

მიუხედავად ამისა, კლოდი ყოველდღე თამაშობდა სკოლაში, და ორი წლის შემდეგ მისმა ბიძამ, ჯიმმა, რომელიც რაიონულ გუნდში თამაშობდა, ანდრე-ჟოზეფი დაარწმუნა, რომ შაბათ-კვირას ფეხბურთი კლოდს წაადგებოდა.

ანდრე-ჟოზეფი დათანხმდა იმ პირობით, რომ არ დახარჯავდა ფულს შვილის ბუცებზე და ფეხბურთის ლიცენზიაზე. საბოლოოდ, ორივე გადაიხადა კლუბის მფლობელმა მას შემდეგ, რაც კლოდმა პირველ თამაშში ორი გოლი გაიტანა.

რამდენიმე წლის შემდეგ, კლოდის მეზობელმა, ტიერი ნავარომ, ის კლუბ „მელუნში“ მიიყვანა. მაკელელე შემტევ ნახევარმცველად თამაშობდა და საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებამდეც მიაღწია, სადაც მოედნის ცენტრში, მისი პარტნიორი ლილიან ტურამი გახდა.

ზრდასრულთა ფეხბურთში სადებიუტო მატჩში, კლოდმა „რედ სტარს“ ოცდახუთი მეტრიდან გაუტანა. ჩვიდმეტი წლის ასაკში მან დატოვა „მელუნი“ და „ბრესტში“ გადავიდა, სადაც მომავალ მსოფლიო ჩემპიონს, სტეფან გივარშს შეხვდა.

„ბრესტში“ კლოდი დიდხანს არ დარჩენილა. ის „მონპელიეში“ წავიდა სინჯებზე და მალევე მოაწერა ხელი კონტრაქტს ამ კლუბის პრეზიდენტის, ზეწოლის ქვეშ.

ამით შეშინებული და იმის გამო, რომ ვერ მოასწრო მამასთან კონსულტაცია, მაკელელე მონპელიედან გაიქცა. მამამ მისი კონტრაქტის გაუქმებას მიაღწია, კლოდი კი „ნანტში“ მოეწყო.

„ნანტის“ მწვრთნელი, ჟან-კლოდ სიუოდო, ახალ გუნდს ახალგაზრდა ტალანტებისგან აშენებდა და მათ მაკელელეც დაამატა. „ნანტში“ დებიუტიდან ორი წლის შემდეგ, კლოდმა ახალგაზრდულ ნაკრებში დაიწყო თამაში.

მაკელელემ „ნანტთან“ ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი (1994/95) მოიგო და მთავარ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი, მაგრამ უფრო მდიდარ კლუბში ტრანსფერზე ნებართვა ვერ მიიღო.

საბოლოოდ, კლოდი სკანდალით წავიდა. 1997 წელს ის ფარულად მოელაპარაკა „მარსელს“, თუმცა „ნანტთან“ კონტრაქტი კიდევ ორი წელი იყო მოქმედი.

„მარსელის“ შემდეგ, კლოდი 2 წელი „სელტაში“ თამაშობდა, საიდანაც სამეფო გუნდში გადავიდა.

„რეალმა“ მაკელელე ფერნანდო რედონდოს შემცვლელად შეიძინა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 1998 წლის ფინალის გმირი იყო, მაგრამ გაიყიდა „მილანში“, რათა ფიგუს შეძენის ხარჯები ნაწილობრივ დაეფარათ.

როგორც „სელტაში“, კლოდის პარტნიორი ნახევარდაცვის ცენტრში, ბრაზილიელი გახდა – ფლავიო კონსეისაო.

კლოდ მაკელელ

ისინი სწრაფად შეეწყვნენ ერთმანეთს, კლოდი გუნდში თავს კომფორტულად გრძნობდა, მაგრამ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მისი პირველი მატჩების დროს, 80 ათასი გულშემატკივარი სკანდირებდა: „რედონდო! რედონდო!“ და მაკელელე გულგატეხილი იყო, რადგან ეგონა, რომ მას არასოდეს შეიყვარებდნენ იგივეინარად.

თუმცა ფანებს ის შეუყვარდათ. 2001 წლის დეკემბრისთვის, მაკელელემ უკვე მოიპოვა პოპულარობა „რეალის“ გულშემატკივრებში: მან ახალი შინაარსი შესძინა საყრდენი ნახევარმცველის პოზიციას. აჩვენა, რომ შეუძლია არა მხოლოდ ბურთის ართმევა, არამედ წინ წაწევაც და ზუსტი პასების გაკეთება ნებისმიერ მანძილზე, რითაც თავდაჯერებულობას მატებდა ფიგუს, ზიდანსა და რაულს.

კლოდ მაკელელე, ზიდანი

ამასთან, ზიდანის შეძენის შემდეგ, „რეალმა“ სეზონი საშინლად დაიწყო და ოქტომბერში „ლას-პალმასთან“ მარცხის შემდეგ, სატურნირო ცხრილში მეთოთხმეტე ადგილზე გადაინაცვლა.

ზიდანს საშინლად აკრიტიკებდნენ, განსაკუთრებით „რეალის“ ვეტერანები, ხოლო თავად ზიდანს არ მოსწონდა მისი, როგორც მარცხენა ნახევარმცველის როლი.

კლოდმა ზინედინი ცალკე გაიყვანა და უთხრა: „რეალში მხოლოდ ერთი ბოსია - რაული და ის ხელშეუხებელია. თუ მას მორიენტესთან ერთად თამაში უნდა, შენ ვერაფერს გახდები. ნიკოლა ანელკასაც ჰქონდა ამის გამო პრობლემები და მაშინაც კი, თუ ზიდანი ხარ, სირთულეები გექნება. ასე რომ, გადი მარცხენა ფლანგზე, და როდესაც შეეჩვევი და თამაშზე გავლენის მოხდენას დაიწყებ, შეძლებ იმოქმედო იქ, სადაც შენთვის მოსახერხებელია. დაივიწყე იტალიური ფეხბურთი, დაივიწყე დაცვაში დაბრუნება, აკეთე შენი საქმე, შეუტიე, მე კი დაგაზღვევ“.

რამდენიმე თვის შემდეგ, რაც ზიდანის გოლმა „რეალს“ ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება მოუტანა, მაკელელეს აგენტმა, მარკ როჟემ, ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკება დაიწყო.

კლოდი საყოველთაოდ აღიარებული იყო, როგორც მსოფლიოს საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველი, მაგრამ წელიწადში მხოლოდ 300 000 ევროს გამოიმუშავებდა.

აგენტმა მოითხოვა თვიური ხელფასის 28 ათასიდან 85 ათას ევრომდე გაზრდა, მაგრამ „რეალი“ ამას არ დათანხმდა.

კლოდ მაკელელე

2003 წლის ზაფხულში, კლოდმა უარი თქვა „რეალთან“ ერთად ვარჯიშზე. მაკელელემ ორი კვირა სახლში გაატარა, შემდეგ კი მას „რეალის“ დირექტორმა, ვალდანომ, დაურეკა და აცნობა, რომ კლუბი მზად იყო კლოდი გაეყიდა, მაგრამ ჯერ ის ვარჯიშებზე უნდა დაბრუნებულიყო, რათა გაფიცვის შესახებ ჭორები გაეფანტა.

მაკელელე დაბრუნდა, სამი დღის შემდეგ კი 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ, „ჩელსიში“ გადავიდა.

კლოდთან ერთად, პირველი ორი წლის განმავლობაში, „ჩელსის“ ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ერთი ნაბიჯი აშორებდა.
ამასთან, მაკელელე გრძნობდა, რომ თავად აბრამოვიჩს დიდად არ უნდოდა, რომ „ჩელსის“ ჩემპიონთა ლიგა ძალიან სწრაფად, ერთბაშად მოეგო.

მეორე ინგლისურ სეზონში, მაკელელე პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი.

კლოდ მაკელელე

2006 წელს, „ჩელსიმ“ კლოდს კონტრაქტის გაგრძელება შესთავაზა, მაგრამ იმ პირობით, რომ ის ნაკრებში თამაშს შეწყვეტდა.

მაკელელემ ეს პირობა მიზანშეწონილად ჩათვალა, რადგან თავადაც დაიღალა ნაკრებში თამაშით, 33 წლის ასაკში. თუმცა, 2006 წლის ზაფხულში „ჩელსიში“ ვითარება შეიცვალა.

საქმე იმაში მდგომარეობდა, რომ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მაკელელემ ნაკრებიდან წასვლის შესახებ განაცხადა, თუმცა მთავარი მწვრთნელი, რაიმონ დომენეკი მის გამოძახებას განაგრძობდა.

მოურინიომ დომენეკი დაადანაშაულა იმაში, რომ კლოდს მონასავით ექცეოდა, ამავდროულად კი თავად ჟოზემ კლოდს „ჩელსის“ ძირითადი შემადგენლობის მოთამაშის სტატუსი ჩამოართვა.

მაკელელე ნაკრებს დაუბრუნდა. 2007 წლის ზაფხულში, პსჟ-ში გადასვლას აპირებდა, მაგრამ „ჩელსის“ სპორტულმა დირექტორმა, ავრამ გრანტმა, მას აბრამოვიჩის პირადი თხოვნა გადასცა - კონტრაქტის კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივება.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხების შემდეგ, კლოდი „პსჟ-ში“ გადავიდა, სადაც სამი წელი კაპიტანი იყო.

კლოდ მაკელელე

ამის შემდეგ მაკელელე ლეონარდოს, ბლანისა და ანჩელოტის ასისტენტი იყო. 2014 წელს „ბასტია“ ჩაიბარა. 2017-2019 წლებში, „ეუპენს“ წვრთნიდა. მისი ბოლო სამუშაო ადგილი კი „ასტერასი“ იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რობერტო ბაჯო - ფეხბურთელი, რომელიც იტალიის ხატად იქცა
რობერტო ბაჯო - ფეხბურთელი, რომელიც იტალიის ხატად იქცა