პირველი ქართველი პრემიერ ლიგაში - გიორგი ქინქლაძის ისტორია
ბავშვობაში გიორგი ქინქლაძე ცეკვის ანსამბლში დადიოდა. ამასთან, მამის, რობინზონ ქინქლაძის, მოთხოვნით, ის მუხლებს იძლიერებდა, საათობით დარბოდა ზღვის სანაპიროზე და მთებსაც იპყრობდა.
თექვსმეტი წლის ასაკში გიომ „დინამო“ „მრეტებზე“ გაცვალა, რომელიც პირველი ქართული პროფესიონალური კლუბი იყო.
გიო შეტევაში ბუბა ტყავაძეს ნიჭიერად ეხმარებოდა. რამდენიმე წლის შემდეგ ის კვლავ „დინამოში“ დაბრუნდა. მასში მილიონი მანეთი გადაიხადეს.
„დინამოში“ გიო ისე ათამაშდა, რომ 1993 წლის თანამეგობრობის თასის შემდეგ, ვიაჩესლავ კოლოსკოვმა მას 21-ე საუკუნის ფეხბურთელი უწოდა, ხოლო „ლევერკუზენმა“, „კაიზერსლაუტერნმა“, „ლე ავრმა“ და „გალათასარაიმ“ თავისთან მიიწვიეს. ქინქიმ ყველას უარი უთხრა.
საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე, ათი ათასამდე გულშემატკივარი გროვდებოდა, გიორგი კი ბავშვობიდან ოცნებობდა, რომ გადავსებულ სტადიონზე ეთამაშა „დინამოსთვის“ და ამბობდა, რომ ჩემპიონთა ლიგაში დებიუტამდე არ წავიდოდა.
1993 წლის ზაფხულის ბოლოს, 56 ათასი მაყურებლის წინაშე, „დინამომ“ ჩემპიონთა ლიგის წინასწარ რაუნდში, ჩრდილოირლანდიული „ლინფილდი“ დაამარცხა. გელა ინალიშვილმა გამარჯვების გოლი ქინქლაძის პასით გაიტანა.
ამის შემდეგ მოვლენები ასე განვითარდა: დინამოელები მსაჯების მოსყიდვის მცდელობის გამო ევროტურნირებიდან მოკვეთეს, ხოლოს „ზაარბრიუკენში“ წარუმატებლობის შემდეგ, ქინქლაძე„ატლეტიკოში“ სინჯებზე გაემგზავრა.
მადრიდში გიომ „ბოკა ხუნიორსთან“ ამხანაგურ თამაშში მიიღო მონაწილეობა და არა კონტრაქტზე, არამედ ახალ მოგზაურობაზე შეთანხმდა ბუენოს-აირესში. იქ „ბოკას“ შემადგენლობაში, „ლანუსის“ წინააღმდეგ ითამაშა, მაგრამ მწვრთნელი სილვიო მარსოლინი ვერ მოხიბლა: მას მარცხენა ვინგერი სურდა, ქინქლაძეს კი ცენტრისკენ უწევდა გული, სადაც ფლეიმეიკერი ალბერტო მარსიკო იყო.
გიო ისევ მადრიდში, უკვე „რეალში“ გაფრინდა, მაგრამ მწვრთნელმა, ხორხე ვალდანომ მხოლოდ მეორე გუნდთან კონტრაქტი შესთავაზა და ამის შემდეგ, ქინქლაძე თბილისში დაბრუნდა. მალევე დაიწყო საქართველოსთვის პირველი შესარჩევი ციკლი - ევრო-1996.
1994 წელს, „მანჩესტერ სიტის“ ახალმა მფლობელმა (და ყოფილმა თავდამსხმელმა) ფრენსის ლიმ საქართველოსა და უელსის მატჩის მიმოხილვა ნახა და აგენტ ჯერომ ანდერსონს სრული ჩანაწერი სთხოვა.
ჯერომმა იშოვა კასეტა საშინელი ხარისხით და ქართული კომენტარებით, მაგრამ ამანაც კი გაუმყარა ლის სიმპატია ქინქლაძის მიმართ. საქართველოსა და უელსის საპასუხო თამაშზე მან „სიტის“ სკაუტი ჯიმი ფრიზელი გაგზავნა და შემდეგ მოისმინა: „თუ ორკესტრი გყავთ, ის დირიჟორობას გაუწევს“.
საბოლოოდ, ქინქი 2 მილიონი ფუნტ სტერლინგის სანაცვლოდ, „სიტიში“ გადავიდა. 2007 წლამდე ეს „ქალაქელების’’ ისტორიაში სარეკორდო სატრანსფერო თანხა იყო.
„სიტის“ მწვრთნელი ალან ბოლი, ქართველი ფეხბურთელის ადაპტაციის პერიოდს ასე იხსენებდა:
„ქინქლაძის მხარდაჭერა სჭირდებოდა და მას მთელი გუნდი ეხმარებოდა. თავდაპირველად, ინგლისური ენის ცუდი ცოდნის გამო, სახლიდან ვარჯიშისკენ მიმავალ გზაზე იკარგებოდა. ჩვენ მას ვანებივრებდით. ვზრუნავდით, რომ ყველაფერი რიგზე ყოფილიყო. როდესაც ადაპტაცია გაიარა, კლასი აჩვენა. ის საუკეთესო მოთამაშეა, ვისთანაც მიმუშავია. ბურთით ფეხებში ჯადოქრობდა, მაგრამ ვერ ერგებოდა ჩვეულებრივ ინგლისურ სისტემას, ამიტომ მის გარშემო ახალი ავაგე: სამი დაცვაში, ოთხი ნახევარმცველი, გიო თავისუფალ როლში და ორი თავდამსხმელი. ზოგიერთი მოთამაშე ამიჯანყდა. ისინი წუწუნებდნენ, რომ გიო დაცვაში არ მუშაობდა, როდესაც ბურთს ვკარგავდით და ჩვენს წარუმატებლობებს ამას აბრალებდნენ“.
პრემიერ ლიგის პირველ თერთმეტ მატჩში, ქინქლაძესთან ერთად, „ქალაქელებმა“ მხოლოდ ორი ქულა მოიპოვეს.
„ჩვენ მოსიარულე მკვდრებივით ვთამაშობდით. არ იყო მკაფიო სტრატეგია, სქემა მუდმივად იცვლებოდა. ბოლი უფრო ქინქლაძის, ჩვენი მთავარი ტალანტისთვის ოპტიმალური პოზიციის ძებნაზე ფიქრობდა, ვიდრე მთელ გუნდზე. მწვრთნელი შეცდომებს არ აღიარებდა და საჯაროდ გვადანაშაულებდა მე და ნილ ქუინს, რომ გოლები არ გქგვქონდა. მე ვბრაზობდი ბოლზე, მაგრამ არა ქინქლაძეზე, რომელიც ნამდვილი ოქრო და სასიამოვნო ბიჭი იყო. „მანჩესტერ იუნაიტედთან“ სათასო თამაშში, გიომ კარიერის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მომენტი მაჩუქა - მან ეფექტური საგოლე პასი მომცა, ხოლო ერთი თვის შემდეგ, 1996 წლის მარტში, „საუთჰემპტონის“ ხუთი ფეხბურთელი მოატყუა და ისეთი ლამაზი გოლი გაიტანა, როგორც დიეგომ ინგლისის კარში, 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე“, - იხსენებდა თავდამსხმელი უვე რიოსლერი.
1998 წელს ქინქლაძე „სიტის“ დაემშვიდობა. გიო 5 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ, „აიაქსში“ გაყიდეს, სადაც მისმა მეგობარმა, შოთა არველაძემ სუპერსეზონი (37 გოლი) ჩაატარა.
„ქალაქელების“ მწვრთნელმა, ჯო როილმა ტრანსფერი იმით ახსნა, რომ „მანჩესტერ სიტი“ გაკოტრების ზღვარზე იყო და ფული სჭირდებოდა, გუნდში კი მხოლოდ ქინქლაძე ღირდა მილიონები. მაგრამ არსებობდა მეორე მიზეზიც:
„მალე მივხვდი, რომ „სიტის“ ქინქის შემადგენლობაში ყოფნით ვერ გამოვაცოცხლებდი. ფანები მას აღმერთებდნენ და გრძელი და ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლედ მიიჩნევდნენ. მასთან ერთად, გუნდი ორჯერ გავარდა ლიგიდან, მაგრამ ის მაინც იყო კლუბის ბოლო 25 წლის ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი. ათობით ათასი ადამიანი სწორედ მის სანახავად მოდიოდა. გიო ჯადოსნურ პასებს აკეთებდა და ფენომენალურ გოლებს იტანდა, მაგრამ არ იყო გუნდური მოთამაშე და მოედანზე ზოგჯერ დიდი ხნით უჩინარი ხდებოდა. თავს ვიმტვრევდი, თუ როგორ დამეყენებინა ისე, რომ შეტევაში მაქსიმალური სარგებელი მოეტანა და ბურთის გარეშე თამაშისთვის ნაკლები ზიანი მიეყენებინა. „სიტიში“ ჩემი პირველივე თამაშის დროს, „იფსვიჩის“ წინააღმდეგ, გიო მარჯვენა ნახევარმცველად დავაყენე, მისი ჯადოსნური მარცხენა ფეხისა და ცენტრისკენ გადაადგილების გათვალისწინებით. ვუთხარი, რომ გაეკეთებინა, რაც სურდა, როცა ბურთი გვექნებოდა, დანარჩენ დროს კი მეტოქის მარცხენა მცველი ეკონტროლებინა. თუმცა უკვე მეხუთე წუთზე, გიომ ბურთით მარცხენა ფლანგზე გაირბინა და მისი პასით კიტ საიმონსმა ანგარიში გახსნა. გიოს დავუყვირე, რომ მარჯვნივ დაბრუნებულიყო, მაგრამ მან დამაიგნორა. „იფსვიჩის“ მარცხენა მცველი, მაურისიო ტარიკო, უმეთვალყურეოდ დარჩა და ჩვენ 1:2 წავაგეთ. არ ვამბობ, რომ „სიტის“ ყველა პრობლემა ქინქლაძის გამო იყო, მაგრამ მის კულტში ბევრი რამ არასწორი იყო. თუ გუნდი კარგად თამაშობდა, ამას ყოველთვის ქინქლაძის ნიჭით ხსნიდნენ, მაგრამ ჩემთვის ის დიდი პრობლემა იყო“.
„აიაქსში“ ქართველი ფეხბურთელი იარი ლიტმანენის შემცვლელად ესახებოდათ, თუმცა ფინელის „ბარსაში'' ტრანსფერი ჩაიშალა და ქინქლაძე მისთვის უჩვეულო პოზიციაზე, მარცხენა ფლანგზე დააყენეს.
„სიტის“ გულშემატკივრები გიოს ამსტერდამში სტუმრობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, მას თამაშში ვერ ნახავდნენ.
1999 წლის გაზაფხულზე, გაზეთი The Sun-ი წერდა, რომ Spice Girls-ის წევრი მელ სი მზად იყო, სამი მილიონი გირვანქა გადაეხადა გიოს მის საყვარელ „ლივერპულში“ გადასვლისთვის.
1999 წლის ნოემბრის ბოლოს, გიო„დერბი ქაუნთში“ გადავიდა. ამ ტრანსფერში შუამავალი იყო „სიტის“ ყოფილი მფლობელი, ფრენი ლი.
გიოსთვის ინგლისში მუშაობის ახალი ნებართვის გამცემ ხუთკაციან სამთავრობო კომისიაში, ერთ-ერთი მისი ერთ-ერთი მანჩესტერელი მწვრთნელი, ფრენკ კლარკი იყო. ამსტერდამული ფიასკოს გამო, გიომ ნაკრებში საკმარისი მატჩები ვერ ითამაშა ავტომატური ნებართვის მისაღებად, ამიტომ კომისია ფორმალობა არ ყოფილა.
საჭირო იყო გიოს ფენომენალურობის ბიუროკრატიული დადასტურება, რაშიც ორი სარეკომენდაციო წერილი დაეხმარა: ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელის, პიტერ ტეილორისგან და, რაც ყველაზე ამაღელვებელია, სერ ალექს ფერგიუსონისგან.
გიო ინგლისში ზედმეტი წონით დაბრუნდა და მიუხედავად ამისა, 1 გოლი და 6 საგოლე პასი დააგროვა.
ის „დერბის“ გულშემატკივრებს შეუყვარათ და ახალი ფანებიც კი მიიზიდა. ამასთან, ქინქის რეგულარულად თამაშში, ტრავმები უშლიდა ხელს, ხოლო 2001 წლის ბოლოს მთავარ მწვრთნელად კოლინ ტოდი დაინიშნა, რომელსაც ქინქლაძე, როგორც მოთამაშე, არ მოსწონდა და მისი არაპუნქტუალურობა აღიზიანებდა: „როგორ შეიძლება ვარჯიშებზე აგვიანებდე, როდესაც „ფერარი“ გყავს?“ - ამბობდა ის.
„დერბი ქაუნთის“ შემდეგ, გიომ 1 წელი „ანორთოსისში“ გაატარა, შემდეგ კი კიდევ წელიწადი ყაზანის „რუბინში“ ითამაშა.
ქინქლაძემ კარიერა 33 წლის ასაკში, ტრავმების გამო დაასრულა.