ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, დენა უაითი, იან მაჩადო გარი, ტერენს კროუფორდი
Aa
Aa

„თოფურიას ნებისმიერის დანოკაუტება შეუძლია“ - იან მაჩადო გარი ილიას შესახებ

UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლმა, იან „მაჩადო“ გარიმ Fight Book MMA-სთან ინტერვიუს დროს ამავე წონაში ჯეკ დელა მადალენასა და ისლამ მახაჩევის საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა და ილია თოფურიასაც შეეხო. ირლანდიელმა მებრძოლმა განაცხადა, რომ თოფურიას ქვესაშუალო წონაში ჩემპიონის ტიტულის მოგება შეუძლია.

რას ამბობს „მაჩადო“:

„ჯეკ დელა მადალენა დგომში მახაჩევს დიდ პრობლემებს შეუქმნის, მაგრამ მისი თეიქდაუნებისგან თავი უნდა დაიცვას. ისლამის საბრძოლო სტილი არა ფიზიკურ ძალას, არამედ ტექნიკას ეფუძნება. ის გაცილებით ეფექტური გრეპლერია ვიდრე ბელალ მუჰამადი და ამავდროულად, გაცილებით ჭკვიანიცაა. დგომშიც უფრო სუფთად მუშაობს. მიუხედავად ამისა, მგონია, რომ ჯეკ დელა მადდალენა მას დგომში აჯობებს. JDM ეშმაკი და მრავალმხრივი მებრძოლია, რომელიც ოსტატურად ცვლის დგომებს, ფლობს ბრწყინვალე მოკრივის ტექნიკას, აქტიურად მუშაობს ტანზე და საკმარისად კარგად გრძნობს დისტანციას, რათა მაქსიმალურად შეზღუდოს ისლამის ჭიდაობაზე გადასვლის მცდელობები. თუმცა, JDM-ს სისუსტეც აქვს - წარსულში გვინახავს, რომ მის წინააღმდეგ ჭიდაობასა და გრეპლინგში უპირატესობა მოიპოვეს. სწორედ ამიტომ მგონია, რომ ბრძოლა სწორედ მაშინ დაიწყება, როცა მახაჩევს ჯეკის წააქცევის მცდელობებს დაიწყებს. თუ ჯეკი წარმატებით მოიგერიებს ისლამის პირველ შეტევებს, ან თუ დაგდების შემდეგ მალევე, მნიშვნელოვანი ზიანის გარეშე, ადვილად წამოდგება - ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ მადალენა გამარჯვებასთან უფრო ახლოს იქნება. საპირისპირო შემთხვევაში, თუ ისლამი რაუნდის დიდ ნაწილს მიწაზე გაატარებინებს, პარტერში კონტროლით, Ground-and-Pound-სა და საბმიშენის მუქარით, მაშინ JDM-ს სასწრაფო აუცილებლობა გაუჩნდება, რომ ბრძოლა ფეხზე დგომში ნოკაუტით დაასრულოს. მგონია, რომ გამარჯვებული ჯეკ დელა მადდალენა იქნება, თუმცა საბრძოლო სპორტში არასოდეს შეიძლება ისეთი დიდებული მებრძოლის ნაადრევად ჩამოწერა, როგორიც ისლამ მახაჩევია.“

„შეუძლია თუ არა თოფურიას მესამე ქამრის მოგება ქვესაშუალო წონაში? ვფიქრობ, ილიას ქვესაშუალო წონით დივიზიონში ნებისმიერი მებრძოლის დანოკაუტება შეუძლია, მას სერიოზული ძალა აქვს. მართალია, მისი გაჩემპიონება ამ წონაში ბევრი მებრძოლის გეგმებს შეაფერხებდა, მაგრამ თუ ბრძოლა საკმარისად მასშტაბური იქნება, მაშინ ყველაფერს ბიზნესი და ფული გადაწყვეტს. თუკი მაყურებლის ინტერესი და მოთხოვნები მაღალი იქნება, მაშინ მისი და ისლამის ჩხუბი შედგება. მას ნამდვილად შეუძლია 170 ფუნტში ტიტულის მოგება.“

„მაჩადო“ გარიმ კრივში დენა უაითის როლზეც ისაუბრა და ილია თოფურია-ტერენს კროუფორდის პოტენციურ ბრძოლაზეც დააფიქსირა თავისი მოსაზრება:

„უნდა ჩაერთოს თუ არა დენა უაითი კრივში? ვფიქრობ, რომ კი. ეს MMA-ს მებრძოლებს კრივში გადასვლას გაუადვილებს და ყველასთვის სასარგებლო იქნება. ვხედავთ, რომ ილია თოფურია მას ტერენს კროუფორდთან ბრძოლაზე ესაუბრება, ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით კი ჩხუბის ორგანიზება უფრო გამარტივდება. ყოველთვის ვამბობდი, რომ კრივში თუ ვიქნებოდი, უმოკლეს დროში გავხდებოდი მსოფლიო ჩემპიონი, მაგრამ ახლა MMA-ში ვარ და სხვა მიზნები მაქვს. ბავშვობაში კრივი მიყვარდა, თუმცა შემდეგ MMA შემიყვარდა. თუმცა, თუ ახლა კრივის ხელთათმანებს ჩამამევთ და აღარ მომიწევს თეიქდაუნებსა და ჯიუ-ჯიცუზე ფიქრი, მაშინ ფეხზე დავდგები და მუშტებით ვიბრძოლებ. სწორედ ეს არის მიზეზი იმის, რომ 17 ბრძოლა ჩავატარე და მაინც ასე კარგად გამოვიყურები. ბავშვობაში სამოყვარულო კრივში 300-ჯერ ვიჩხუბე, ძალიან ბევრს ვჩხუბობდი. როგორ ფიქრობთ, რატომ მაქვს ასეთი კარგი ხელები? რატომ ვერ მირტყამენ? ეს ყველაფერი გამოცდილებიდან მოდის. უბრალოდ, ამ უნარებს შემდეგ ეშმაკური ხრიკებიც დავამატე, რომელიც ჩემს გარდა MMA-ში არავის აქვს. ასე რომ, დიახ, დენა უაითის კრივში მოღვაწეობა ყველაფერს გაამარტივებს. ის, რასაც დენა აკეთებს, სარგებელს ყველას მოუტანს.“

„ილია თოფურიასა და კროუფორდის ბრძოლა? ვფიქრობ, ეს რეალისტურია. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ მსოფლიო ნამდვილად მოინდომებს ამ ბრძოლის ხილვას. დრო და დრო უკან უნდა დავიხიოთ და გავიგოთ, რომ საბოლოო ჯამში UFC ბიზნესია. საბრძოლო ბიზნესში არავის უნდა ბელალ მუჰამედისა და შონ ბრედის მეორე ჩხუბის ხილვა, ეს მილიონებს არ გაყიდის, ამის ყურებას არავინ მოინდომებს. ამიტომ, უნდა დაფიქრდე, არის თუ არა ეს ნამდვილად ის ბრძოლა, რომლიც ხილვას მსოფლიოს სურს? არის თუ არა ეს ის დაპირისპირება, რისთვისაც ხალხი ბილეთებში ფულს გადაიხდის? იმოგზაურებს ქვეყანაში, ან ღამის გათენებას მოისურვებს? ჩემი აზრით, ილია VS კროუფორდი ყველა ამ კრიტერიუმს აბსოლუტურად დააკმაყოფილებს, მაგრამ მათ ჯერ წყალი უნდა მოსინჯონ. ვფიქრობ, მათი ბრძოლა ძალიან, ძალიან სავარაუდოა, რომ შედგეს“.

იან „მაჩადო“ გარის MMA-ში 17 ბრძოლა აქვს გამართული და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. ირლანდიელმა UFC-ში ბოლოს 27 აპრილს, კარლოს პრატესის წინააღმდეგ იბრძოლა და ხუთრაუნდიან დაპირისპირებაში მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.

ქვესაშუალო წონაში ჯეკ დელა მადალენასა და ისლამ მახაჩევის საჩემპიონო ბრძოლა 16 ნოემბერს გაიმართება, ილია თოფურია კი მსუბუქ წონაში ამ დრომდე მეტოქის მოლოდინშია. ვარაუდობენ, რომ თუ ისლამი JDM-ს დაამარცხებს და ილია ქამარს კიდევ ერთხელ დაიცავს, მაშინ დიდი შანსია, რომ ორივე მებრძოლი შემდეგ ჩხუბში ერთმანეთს შეხვდებიან, რაც MMA-ში ისტორიაში, ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბრძოლად მოიაზრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პრობლემა არ იქნება“ - მერაბი UFC 320-ზე ისტორიულ შედეგს უმიზნებს
„პრობლემა არ იქნება“ - მერაბი UFC 320-ზე ისტორიულ შედეგს უმიზნებს