საკვალიფიკაციო პლეიოფის პირველი მატჩი | ფუტსალის ნაკრებმა სლოვაკეთს 4:1 მოუგო
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად იბრძვის. ავთანდილ ასათიანის გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში სლოვაკეთს ხვდება და პირველი მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა.
შეხვედრა ჩვენი გუნდის უპირატესობით დაიწყო და პირველი ტაიმის მე-12 წუთზე ანგარიში გავხსენით. კუთხურის შემდეგ, შოთა თოფურიას პასით არჩილ სებისკვერაძემ ისარგებლა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა.
პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა. მეორე ნახევრის სტარტზე გიორგი ჩიმაკაძემ შესანიშნავად იმოქმედა. გიორგი ღავთაძის პასის შემდეგ ჩიმაკაძემ მეტოქე გუნდის მცველი და მეკარე მოატყუა და ანგარიში 2:0 გახადა. 3 წუთში სტუმრებმა ბაკოს გოლით ჩამორჩენა 1 ბურთამდე დაიყვანეს.
ასათიანის ბიჭებმა მეორე ტაიმის დასკვნითი ნაწილი შესანიშნავად ჩაატარეს. 35-ე წუთზე სებისკვერაძემ დუბლი მიითვალა. არჩილმა ჯარიმა დაარტყა, რომლის შემდეგაც სლოვაკთა მეკარემ შეცდომა დაუშვა - 3:1. რამდენიმე წამში შოთა თოფურიას ჯერი დადგა და საქართველოს ნაკრებმა კომფორტული უპირატესობა მოიპოვა - 4:1.
ცნობისთვის, პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრა 23 სექტემბერს, ბრატისლავაში გაიმართება და ორმატჩიან დუელში გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ.