დელ პიერო შთამაგონებელი იყო | ვარდი საფეხბურთო კერპსა და კარიერის ახალ ეტაპზე
ჯეიმი ვარდიმ, ვინც „ლესტერს’’ 2015-16 წლების სეზონის პრემიერ ლიგის მოგებაში 24 გოლით დაეხმარა, კარიერა უცხოურ კლუბს პირველად გასულ ზაფხულში, 38 წლის ასაკში დაუკავშირა, თავისუფალი აგენტის სტატუსით „კრემონეზეში’’ გადავიდა და კლუბის ოფიციალურ გვერდთან მის საფეხბურთო კერპზე, ალესანდრო დელ პიეროზე ისაუბრა.
ბავშვობაში ჯეიმი ვარდის საფეხბურთო კერპი ალესანდრო დელ პიერო იყო: „როცა მის თამაშს ვუყურებდი, შთამაგონებელი იყო. თითქმის ყოველ კვირას გოლებს იტანდა და მისი გოლები ჩემს ენთუზიაზმს ზრდიდა. დელ პიეროს ვუყურებდი, ახლა აქ ვარ სერია A-ში და ვცდილობ იგივე გავაკეთო - ეს ნამდვილად ამაღელვებელია’’.
მთავარი ფაქტორი რატომაც ვარდიმ კარიერა „კრემონეზეში'' გააგრძელა, მთავარი მწვრთნელი დავიდე ნიკოლა იყო: „მას სურს პროგრესი და მებრძოლი გუნდის შექმნა. სულ ერთია ვინ არის შენი მოწინააღმდეგე, მთავარია რას აკეთებ გუნდურად. ყურადღებას სწორედ ამაზე გავამახვილებთ, ყველა თამაში რთული იქნება, გამარჯვება ყველას სურს, შესაძლოა გარემოსთან შეგუება დამჭირდეს, მაგრამ ეს ისეთი რამ არის, რასაც სიხარულით ველოდები. აქ ვარ იმისთვის, რომ გოლები გავიტანო, გუნდს გამარჯვებების მოპოვებაში დავეხმარო და ჩვენი სიტყვა ვთქვათ''.
სერია A-ში „კრემონეზემ'' სეზონი კარგად დაიწყო, პირველ ტურში „მილანს'' გასვლაზე მოუგო, „სასუოლოსთან'' და „ვერონასთან'' ფრედ ითამაშა, 7 ქულით მესამე ადგილზეა. ვარდის დებიუტი მე-3 ტურში „ვერონასთან'' შედგა, თითქმის ნახევარი საათით ითამაშა, რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონია.
„კრემონეზეში’’ ვარდის თანაგუნდელი დაჩი ლორთქიფანიძეა, გასახდელში გვერდიგვერდ სხედან. საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელს ჯერ სერია A-ში არ უთამაშია, თუმცა მის გუნდში საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელები არიან და განვითარებისთვის ძალიან კარგ გარემოშია.
დაჩი ლორთქიფანიძემ ჩრდილოეთ ირლანდიის 21-წლამდე ნაკრებთან მატჩის შემდეგ იტალიურ კარიერაზე ისაუბრა: „მაქვს იმედი, რომ სერია A-ში ვითამაშებ. ჩემზეა დამოკიდებული თუ რამდენად დავუმტკიცებ მწვრთნელს, რომ სერია A-ში თამაში შემიძლია. ვიცი რომ პოტენციალი მაქვს, ჩემზეა დამოკიდებული, ვარჯიშებზე თავს კარგად ვგრძნობ, გუნდში თავს კარგად ვგრძნობ. დროის ფაქტორია ჩემი აზრით. არ ვიცი რამდენად მალე, მაგრამ სერია A-ში დებიუტს ველი და ძალიან მიხარია ამ სიტუაციაში ყოფნა. მთავარ მწვრთნელ დავიდე ნიკოლას რამდენჯერმე ვესაუბრე, მისი აზრი ვიცი, ვიცი რომ მოვწონვარ. ვიცი რომ ეს დრო და შანსები უნდა გამოვიყენო’’.