დებიუტი UEFA-ს ახალგაზრდულ ლიგაში | ყავლაშვილმა პსვ-სთან ითამაშა (U19)
UEFA-ს ახალგაზრდულ ლიგაში პსვ-მ შინ ბელგიური „სენ-ჟილი’’ 6:2 დაამარცხა. „სენ-ჟილის’’ სასტარტო შემადგენლობაში 18 წლის ქართველმა მეკარემ, გიორგი ყავლაშვილმა 90 წუთი ითამაშა.
ყავლაშვილი, რომელიც „ანტვერპენისა’’ და „ვესტერლოს’’ ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა, მიმდინარე წლის მარტში „სენ-ჟილთან’’ პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა.
პერიოდულად „სენ-ჟილის’’ პირველი გუნდის სამატჩო განაცხადში ხვდება ხოლმე. მაგალითად, გასულ ზაფხულში ბელგიის სუპერთასზე „ბრიუგესთან’’ და ბელგიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის პირველ ტურში „ანტვერპენთან’’ სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ასევე, ამ სეზონში ბელგიის რანგით მესამე ლიგაში „სენ-ჟილის’’ 23-წლამდე გუნდში ითამაშა. მოკლედ, ბელგიურ კლუბში მასში პოტენციალს ხედავენ.
1,94 მ. სიმაღლის მეკარეს, რომელიც ბელგიაშია დაბადებული, საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში რეგულარულად იძახებენ. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა საბერძნეთთან ორი ამხანაგური მატჩი გამართა, ყავლაშვილი ორივე შეხვედრაში სასტარტო 11-ეულში იყო.