რაგბი | შავი ლომი ბენეტონთან დამარცხდა
‘შავმა ლომმა’ იტალიური ტურნეს მეორე მატჩში მასპინძელ ‘ბენეტონს’ დიდი ბრძოლა გაუმართა და მეტოქეს მხოლოდ ერთი გარდასახული ლელოთი ჩამორჩა - 15:22.
‘ბენეტონი’ იტალიის ნაკრების საბაზო გუნდია და ‘შავი ლომის’ წინაშე საუკეთესო შემადგენლობით წარსდგა. მათ შემადგენლობაში ყავდათ იტალიის ნაკრების 10 მოქმედი მოთამაშე, სამოას ნაკრების ორი წევრი, ახალი ზელანდიისა და არგენტინის ნაკრების ყოფილი მოთამაშეები, ასევე სხვადასხვა დროს ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკის, არგენტინისა და იტალიის 20-წლამდელთა ნაკრებების მორაგბეები. იტალიელთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც გარბიზი, ლამარო და ფეკიტოა არიან.
მიუხედავად ამისა, ჩვენმა გუნდმა მეტოქეს მისსავე არენაზე არაერთი თავსატეხი გაუჩინა, სამი ლელო გაუტანა და თამაშის ბედიც კარში დარტყმებმა გადაწყვიტა. რიჩარდ ქოქრილის შეგირდები განსაკუთრებით კარგად დაცვაში გამოიყურებოდნენ და მეტოქის არაერთი მრავალფაზიანი შეტევა მოიგერიეს. ეს იყო ორი თანაბარი დონის გუნდის დაპირისპირება, რომლის ბედი მატჩის დასკვნით წუთებში 5-წუთიანმა „ჩავარდნამ“ განაპირობა.
თამაში ‘შავი ლომის’ შეტევებით დაიწყო და მათ დაახლოებით 8 წუთი მასპინძლების ნახევარზე გაატარეს, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგი 8 წუთი ‘ბენეტონის’ იერიშების მოსაგერიებლად თავდადებული დაცვა ვითამაშეთ, განსაკუთრებით 5-მეტრიანში, ტაიმის შუაში კი თენგიზ პერანიძემ მოედნის ცენტრში გადაცემა ჩაჭრა, შებოჭილმა ლუკა ცირეკიძეს საოცარი ოფლოუდი ამოუგდო და მანაც ლელომდე 50 მეტრი ირბინა. ლუკას ფეხდაფეხ ორი მცველი მიყვებოდა, ლელო ალამთან გაიტანა და რთული პოზიციიდან გარდასახვა მიზანს ასცდა.
მასპინძლებმა გააფთრებით შემოგვიტიეს და კვლავ გაუვალ დაცვას წააწყდნენ. ერთ-ერთ ეპიზოდში ‘ბენეტონს’ უკან 30 მეტრითაც დავახევინეთ, 5-მეტრიანში კი სამჯერ მოვიგერიეთ მოლით მიძალება, მაგრამ ჯარიმებიც მოგვიმრავლდა და გიორგი სინაურიძე სინბინით დაისაჯა. ‘ბენეტონმა’ რიცხობრივი უპირატესობით მალე ისარგებლა, მორიგ ჯერზე მათი მოლი ლელოთი დასრულდა და გარდასახვაც ზუსტი იყო. იტალიელებმა უპირატესობის გაზრდა სცადეს, მაგრამ ‘შავი ლომის’ მწყობრ დაცვას კიდევ ერთხელ წააწყდა.
ტაიმის ბოლოს ქართველების ჯერი დადგა. მასპინძლები მოლში ორჯერ დაჯარიმდნენ, მესამე ცდაზე კი ამანაც ვერ უშველა და ირაკლი ქვათაძემ ლელოთი უპირატესობა დაგვიბრუნა - 10:7.
მეორე ტაიმის უმეტესი დრო მასპინძლებმა კვლავ შეტევებში გაატარეს. საწყის 20 წუთში იტალიელები ვერ ახერხებდნენ ჩვენს 22-ში შემოსვლა ჯარიმა ორჯერ კარში დაარტყეს, საიდანაც ერთი ზუსტი იყო და ანგარიში გათანაბრდა. ამან ‘ბენეტონი’ კიდევ უფრო გაახელა და რამდენჯერმე მრავალფაზიანი, ხელდახელ სწრაფი შეტევა განახორციელა, თუმცა სტუმართა დაცვა კვლავ კარგად ირჯებოდა. მაგრამ მუდმივად დაცვაში თამაშმა ენერგია გამოგვაცლა, 5-წუთიანი ჩავარდნით მასპინძელმა გუნდმა კარგად ისარგებლა და ორი ლელო გაიტანა, რომელთაგან ერთი გარდასახა.
დასკვნით 5 წუთში ‘შავმა ლომმა’ ძალები მოიკრიბა და ახლა უკვე თავად აკინძა ფაზები, რასაც ბოლოსწინა წუთზე იოსებ გუშარაშვილის ლელო მოყვა. გარდასახვა არაზუსტი იყო და თამაშის გადასარჩენად ჩვენი 22-იდან ვცადეთ ხელდახელ შეტევა, თუმცა ბურთი წინ დაგვივარდა და ‘ბენეტონმა’ ბრძოლაში 22:15 გაიმარჯვა.
მთლიანობაში, ტურნეს ფარგლებში ‘შავი ლომი’ გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატის ორივე იტალიურ გუნდს ტოლ-სწორად ეთამაშა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ტურნირში ჩართვის შემთხვევაში ის კონკურენტუნარიანი იქნება.
ამხანაგური მატჩი
იტალია. ტრევიზო. „მონიგო“.
ბენეტონ ტრევიზო (იტალია) - შავი ლომი (საქართველო) 22:15 (7:10)
შავი ლომი
ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. შალვა აფციაური, 10. ლუკა ცირეკიძე, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. კახაბერ დარბაიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), 5. დემურ ეფრემიძე, 6. ლაშა ციხისთავი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. გიორგი სინაურიძე.
მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ვასილ კაკოვინი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. გურამ ღანიაშვილი, 20. იოსებ გუშარაშვილი, 21. გიორგი კერვალიშვილი, 22. გიორგი სპანდერაშვილი, 23. ლუკა თაყაიშვილი, 24. ამირან შვანგირაძე, 25. ზაურ ლუტიძე, 26. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 27. თამაზ ჭამიაშვილი, 28. ბადრი ციხისთავი, 29. გიორგი ნიკოლაძე, 30. ალექსანდრე თოდუა.