დაფუშული ბურთები და დროის გაყვანის ხრიკები | ბოლივიამ გადამწყვეტი 3 ქულა აიღო
CONMEBOL-ის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში ბრაზილიის ნაკრები ბოლივიას დაუპირისპირდა. „ლა ვერდემ“ მინიმალური ანგარიშით, 1:0 იმარჯვა და მუნდიალის საგზურისთვის პლეიოფში იასპარეზებს. შეხვედრის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე, მიგელიტომ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა.
ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, სამი შაუდი ბოლივიელთა ქმედებებით განრისხებული დარჩა. მატჩის შემდეგ მან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ „სელესაომ“ არა 11, არამედ 14 ფეხბურთელის წინააღმდეგ ითამაშა.
„14 ფეხბურთელის წინააღმდეგ ვითამაშეთ და სამწუხაროა ის, რაც ბოლივიაში მოხდა. ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედით და პირველივე წუთიდან კატასტროფა ვნახეთ. ზღვის დონიდან 4000 მეტრზე ვიასპარეზეთ და მსაჯები, პოლიცია და ბოლბოებიც ჩვენ წინააღმდეგ იყვნენ. ბურთები მოედნიდან გაჰქონდათ და სამარცხვინო იყო, რაც ხდებოდა. საშინელი ფეხბურთი იყო“, - განაცხადა შაუდმა.
მატჩის დასრულების შემდეგ ბრაზილიურ პრესაში დაიწერა, რომ ბოლო წუთებში გუნდები შედარებით დაფუშული ბურთებით თამაშობდნენ. ამასთან, იყო რამდენიმე მომენტი, როდესაც ბრაზილია სახიფათოდ უტევდა და გულშემატკივრები მოედანზე მეორე ბურთს ისროდნენ. რაც შეეხება ბურთის მომწოდებელ ბიჭუნებს, ისინი ბურთებს მალავდნენ, რათა დრო გასულიყო. უნდა ვთქვათ ისიც, რომ მატჩი ზღვის დონიდან 4150 მეტრზე მდებარე ქალაქში გაიმართა და „სელესაოს“ ამხელა სიმაღლეზე არასდროს უასპარეზია.