„ცვლილებების დროა“ - მაკგრეგორი საპრეზიდენტო მარათონში ჩაერთო
MMA-ს ცნობილმა მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა ირლანდიელებს მოუწოდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში წარსადგენად მის კანდიდატურას დაუჭირონ მხარი.
როგორც კონორმა თავის მიმართვაში თქვა, ქვეყანაში ცვლილებების დრო დადგა.
„როგორც პრეზიდენტი, მე ხელს არ მოვაწერ არც ერთ კანონს, სანამ ის ხალხის მიერ არ იქნება დამტკიცებული. თუ გსურთ, რომ ჩემი სახელი ბიულეტენში იხილოთ, მოგიწოდებთ მიმართოთ ადგილობრივ საოლქო მრჩევლებს, რათა მათ ჩემი კანდიდატურა წამოაყენონ. დაუჭირეთ მხარი ჩემს კანდიდატურას და მე მოგცემთ პლატფორმასა და უფლებამოსილებას, რომ ნამდვილად მოგისმინონ“, - თქვა მაკგრეგორმა.
შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორმა ბოლო ბრძოლა 2021 წლის ივლისში, დასტინ პორიეს წინააღმდეგ გამართა.
ირლანდიელი მებრძოლის ოქტაგონში დაბრუნება გასული წლის ივნისში, მაიკლ ჩენდლერის წინააღმდეგ უნდა მომხდარიყო, თუმცა ბრძოლამდე 16 დღით ადრე მაკგრეგორმა თითი მოიტეხა.
გეტყვით ასევე, რომ ორი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა ივლისის ბოლოს, სავარაუდოდ UFC-ში დაბრუნება დააანონსა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ტესტირებას დაქვემდებარებული სპორტსმენების სიაში დაბრუნების შემდეგ, მან პირველი დოპინგ-ტესტი ჩაატარა.