„კიტეს არყოფნამ დიდი გავლენა იქონია“ - ხიზანიშვილმა თურქეთთან მარცხი შეაფასა
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრები „დინამო არენაზე“ თურქეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ზურაბ ხიზანიშვილმა პრესკონფერენციაზე განვლილი მატჩი შეაფასა.
რა თქვა ხიზანიშვილმა:
„რატომ მიიღო ვილიმ წითელი? ეს ადამიანური მომენტი იყო. ქოჩორაშვილის ეპიზოდზე თავისი პრეტენზია გამოხატა, საფეხბურთო ენაზე რომ ვთქვათ, ე.წ. აგრესია, მონიტორთან ახლოს იყო და ყველაფერს ხედავდა, მისი რეაქციაც ამან გამოიწვია. მაგრამ წითელ ბარათს არ იმსახურებდა.“
„ცვლილებები? ყველაფერი უკეთესად ცოტა მოგვიანებით გაირჩევა. თურქეთი 5-მცველიან ტაქტიკაზე გადავიდა და ამის გამო მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კიდევ ერთი თავდამსხმელი არ შემოგვეყვანა. ეს გარკვეულწილად წინა შეცვლებმაც განაპირობა. შემდეგ ვილისგანაც მივიღეთ დავალება.“
„4-მცველიანი ტაქტიკით თამაში? როდესაც 5-მცველიანი ტაქტიკით ვთამაშობდით, გვეუბნებოდნენ, რომ შეტევაში 1 კაცს ვიკლებდით. მოსმენით რა თქმა უნდა, ყველას ვუსმენთ, მაგრამ გადაწყვეტილებას მთავარი მწვრთნელი იღებს. 4 მცველზე გადასვლა დიდი ხნის წინ გვინდოდა, რადგან წინა თამაშებშიც გამოჩნდა, რომ ასე თამაში შეგვეძლო. ოდესმე ეს უნდა მომხდარიყო, მაგრამ ახლა, წაგებულ თამაშზე, ან თუნდაც მოგებული თამაშის შემდეგ საუბარი ყოველთვის მარტივია. მივცემ ჩემს თავს უფლებას და ვიტყვი, რომ არ მგონია, ვილიმ შემდეგ თამაშებზე ეს გადაწყვეტილება შეცვალოს.“
„ფეხბურთელებს ყოველთვის მაღალ დონეზე სურთ თამაშით. ასეთი თამაშების სტაბილურად, პირველივე წუთიდან სტაბილურად თამაში უნდა ისწავლონ. დღეს იყო შეცდომები, მაგრამ არ მინდა ამაზე ყურადღების გამახვილება. მეც ფეხბურთელი ვიყავი და უთამაშებლობა აისახება ფორმაში. მამარდა მსოფლიო დონის ფეხბურთელია, მასთან ერთად სხვებიც. მაგრამ ახლა ეს მოცემულობა იყო. ამასთან, იყო დანაკლისი კიტეიშვილისა და ჩაკვეტაძის სახით, რამაც გავლენა ნამდვილად მოახდინა.“
„კაშიას და გოგლიჩიძის თამაში? ორი სხვადასხვა პროფილის მცველი გვყავს. ერთი ძალიან გამოცდილი კაშია და მეორე ახალგაზრდა, პერსპექტიული გოგლიჩიძე. როგორც ვთქვი, გვინდა, რომ 4 მცველზე დავრჩეთ. მთავარია სათამაშო პრაქტიკა, ასეთი ფეხბურთელები გვჭირდება. თუ არ თამაშობენ, ეს ნაკრებზეც ცუდად აისახება.“
„კიტე რომ ყოფილიყო, 4-3-3 წყობით უნდა გვეთამაშა, ამის გამო 4-4-2 მივიღეთ. მაგრამ თუ დააკვირდით, პირველ ტაიმშივე მოვახერხეთ 4-3-3-ზე გადასვლა. ეს მარტივი არაა და თავის დროს მოითხოვს, მაგრამ მაინც შევძელით. თუმცა, კიტეს არყოფნამ ნამდვილად დიდი გავლენა იქონია.“
შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში თურქეთის ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთის ნაკრებს მიიღებს, საქართველო კი „დინამო არენაზე“ ბულგარეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ორივე მატჩი 7 სექტემბერს გაიმართება.