„ეზიზღებოდა და მისი გაგუდვა უნდოდა“ | კორმიემ ხაბიბისა და კონორის ჩხუბი გაიხსენა
UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, დენიელ კორმიემ, ხაბიბ ნურმაგომედოვისა და კონორ მაკგრეგორის ლეგენდარული ჩხუბი გაიხსენა. „დისის“ თქმით, „არწივს“ მაკგრეგორის მოკვლა ჰქონდა გადაწყვეტილი და მსაჯი რომ არა, მას გაგუდავდა.
„ხაბიბი კონორის სახელს დღემდე არ ახსენებს. გასულ კვირას, ნიუ-იორკში ინტერვიუ ჩამოართვეს და მაკგრეგორი „ამ ტიპად“ მოიხსენია. კონორის სახელს დღემდე არ ამბობს — ის გულწრფელად ეზიზღება. როცა იჩხუბეს, მაკგრეგორმა ჩასჩურჩულა: „ეს უბრალოდ ბიზნესია.“ ხაბიბის პასუხი კი იყო: „არა, ასე არაა.“
ნურმაგომედოვს კონორის მოკვლა უნდოდა. მახრჩობელა ილეთზე ჰყავდა დაჭერილი და გაშვებას არ აპირებდა, რადგან მაკგრეგორმა მის ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა. ხაბიბს სურდა, მისი სიცოცხლე დაესრულებინა. როცა ახრჩობდა, ეუბნებოდა: „მაგრად გცემე, მაგრად გცემე,“ შემდეგ კი გალიიდან გადახტა და მისი თანაგუნდელების ცემა დაიწყო.“
შეგახსენებთ, რომ ხაბიბისა და კონორის ორთაბრძოლა UFC 229-ის მთავარი მოვლენა იყო და ყველაზე მეტი Pay-per-View გაიყიდა. „არწივმა“ მეოთხე რაუნდში იმარჯვა, ხოლო კორმიეს სიტყვებს ისიც ადასტურებს, რომ მსაჯმა, ჰერბ დინმა, კონორისთვის ხელი ძლივს გააშვებინა.