ევრობასკეტი დაიწყო | ლიეტუვამ დიდ ბრიტანეთს შანსი არ დაუტოვა და 24 ქულით მოუგო
2025 წლის ევრობასკეტი ოფიციალურად დაიწყო. ტურნირის პირველი შეხვედრა ფინეთის ქალაქ ტამპერეში გაიმართა და დიდი ბრიტანეთი ლიეტუვას დაუპირისპირდა. ლიეტუვამ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და 94:70 იმარჯვა.
ბალტიისპირელებმა უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვეს, რომელიც 23:15 მოიგეს, მეორე პერიოდი კი ფრედ, 18:18 დასრულდა. მეორე ნახევარში ლიეტუვა დომინანტი იყო. ბალტიისპირელებმა მეორე ტაიმში მეტოქეზე 16-ით მეტი ქულა ჩააგდეს და პირველი გამარჯვება იზეიმეს.
ლიეტუვის რიგებში საუკეთესო იონას ვალანჩუნასი იყო, რომელმაც 21 წუთში 18 ქულა, 9 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. აზუოლას ტუბელისს 17 ქულა ჰქონდა, ხოლო როკას იოკუბაიტისმა და მარგირის ნორმანტასმა 12-12 ქულა მიითვალეს. დიდი ბრიტანეთის მაისურით საუკეთესო აკვასი იებოა იყო - 17 ქულა, 4 მოხსნა. ტარიკ ფილიპმა და მაილს ჰესონმა 10-10 ქულა გააკეთეს.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის პირველ შეხვედრას ხვალ გამართავს და თბილისის დროით, 16:00-ზე ესპანეთს დაუპირისპირდება.