ბეშიქთაში დავითაშვილს შეუთანხმდა | მის გარდა კიდევ ორი ვარიანტი ჰყავთ
თურქულ პრესაში ზურიკო დავითაშვილზე აქტიურად იწერება. „სენტ-ეტიენის“ ქართველი ფეხბურთელის გადაბირება „ბეშიქთაშს“ სურს და ცნობილმა თურქმა ჟურნალისტმა, ერთან სიუზგუნმა ახალი ინფორმაცია გაავრცელა.
სიუზგუნის ცნობით, „შავ-თეთრებმა“ დავითაშვილთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს. ზურიკო ერთადერთი არაა, ვისთანაც „ბეშიქთაშმა“ საერთო ენა გამონახა. კლუბი კეიტო ნაკამურასა და არმან ლორიენტესაც შეუთანხმდა.
Le10Sport-ის ინფორმაციით, „სენტ-ეტიენს“ დავითაშვილის თაობაზე ოფიციალური წინადადება არ მიუღია. „მწვანეები“ ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვენ და მთავარი გამოწვევა სწორედ ეს თანხაა.
შეგახსენებთ, რომ ზურიკოს „მწვანეებთან“ ხელშეკრულება 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 10 მილიონი ევროა. დავითაშვილმა ახალ სეზონში „სენტ-ეტიენის“ ორივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, „როდეზთან“ მატჩში კი თავი გოლით გამოიჩინა.