„მიქაუტაძე ტოპ-ფეხბურთელია“ - მეცის მცველი ყოფილ თანაგუნდელზე
ლიგა 1-ის მორიგ ტურში გიორგი მიქაუტაძე თავის ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩის წინ მიქაუტაძეზე ისაუბრა „მეცის“ ფეხბურთელმა, კოტდივუარელმა მცველმა კოფი კუაომ, რომელთან ერთადაც ქართველ ფორვარდს არაერთი მატჩი აქვს ჩატარებული.
„ლიონთან“ მატჩში მიქაუტაძეს შევხვდებით. ის ტოპ-ფეხბურთელია, გამორჩეული უნარებით. მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ და იმედი მაქვს, რომ გააგრძელებს ისეთივე მაღალ დონეზე თამაშს, რასაც ახლა ვხედავთ. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, კარგად უნდა ვითამაშოთ როგორც დაცვაში, ისე შეტევაში და საკუთარი ძლიერი მხარეები მაქსიმალურად გამოვიყენოთ“.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ფორვარდი „მეცს“ 16 წლის ასაკში შეუერთდა, გაიარა გზა ასაკობრივი გუნდებიდან პირველ გუნდამდე, 2019 წლის დეკემბერში კი პირველ გუნდში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. „სერენში“ იჯარის შემდეგ მიქაუტაძე ისევ „მეცში“ დაბრუნდა და ერთ წელიწადში 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ „აიაქსში“ გადავიდა, სადაც მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა.
ნიდერლანდებში წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ გიორგი ისევ „მეცში“ გაანათხოვრეს, შემდეგ კი ფრანგულმა კლუბმა ქართველი ფორვარდი 13 მილიონ ევროს გამოისყიდა. გასული წლის ზაფხულში მიქაუტაძე „მონაკოსა“ და „ლიონს“ შორის ირჩევდა და საბოლოოდ აირჩია „ლიონი“, რომლის ღირსებასაც ბავშვობაში 7 სეზონის განმავლობაში იცავდა.
აქვე გეტყვით, რომ „ლიონისა“ და „მეცის“ მატჩი 23 აგვისტოს, თბილისის დროით 23:05 საათზე გაიმართება.