ცნობილია რა თანხა სურს უოტფორდს ჩაკვეს სანაცვლოდ | კლუბებს პროგრესი არ აქვთ
„ვალენსია“ გიორგი ჩაკვეტაძის გასაფორმებლად მუშაობს. „უოტფორდის“ ქართველ ფეხბურთელს „ღამურებთან“ პირადი კონტრაქტი შეთანხმებული აქვს, თუმცა კლუბებს საერთო ენის გამონახვა უჭირთ.
„ჩაკვეს“ გარშემო შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით ესპანურ პრესაში ახალი ინფორმაცია გავრცელდდა. ესპანურ კლუბთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა, ჰექტორ გომესმა დაასახელა თანხა, რომლის მიღებაც „კრაზანებს“ სურთ და როგორც ირკვევა, საუბარი მინიმუმ 10 მილიონ ევროზეა.
გომესის მიხედვით, კლუბებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები წინ არ მიდის. „ვალენსიას“ ფინანსურად უჭირს და როგორც გაუწყეთ, „ღამურები“ ანდრე ალმეიდაზე არიან დამოკიდებული. „ვალენსია“ პორტუგალიელ ფეხბურთელს 10 მილიონ ევროდ აფასებს და მისი გაყიდვის შემთხვევაში „უოტფორდისგან“ თანხმობის მიღებას შეეცდება.
ცნობისთვის, ქართველ ფეხბურთელს „უოტფორდთან“ კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 4.5 მილიონი ევროა.