ოფიციალურად | ირაკლი იეგოიანი ექსელსიორის ფეხბურთელია
საქართველოს 21 წლამდე ნაკრების ფეხბურთელი ირაკლი იეგოიანი კარიერას როტერდამის „ექსელსიორში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ამის შესახებ როგორც როტერდამელებმა, ასევე იეგოიანის ყოფილმა კლუბმა - „ვიტესმა“ დაადასტურა.
ქართველი ფეხბურთელის კონტრაქტი „ექსელსიორთან“ 2028 წლამდეა გათვლილი.
ირაკლი იეგოიანი: „როდესაც ნათელი გახდა, რომ „ვიტესის“ დატოვება შემეძლო, რამდენიმე კლუბს ვესაუბრე. კარგი შთაბეჭდილება შემექმნა „ექსელსიორთან“ დაკავშირებით - კლუბის მხრიდან ნდობა ვიგრძენი. მიყვარს შეტევა, მაგრამ ასევე მიყვარს დაცვაში თამაშიც. გოლების გატანა მიყვარს და ექსელსიორისთვის მოედანზე ბოლომდე დავიხარჯები. ვფიქრობ, ერედივიზიესთვის მზად ვარ. ეს ჩემი კარიერისთვის კარგი გადაწყვეტილებაა. იმედია, ერთად წარმატებებს მივაღწევთ და მინდა, ამაში ჩემი წვლილიც შევიტანო“.
„ექსელსიორის“ ტექნიკური დირექტორი ნილს ვან დუინენი: „ვიტესში“ შექმნილმა სიტუაციამ ფანტასტიკური შესაძლებლობა მოგვცა - გვიხარია, რომ ირაკლი ჩვენს გუნდს შეუერთდა. თავისი კრეატიულობითა და საფეხბურთო უნარებით ის ჩვენი გუნდისთვის კარგი შენაძენი იქნება. იეგოიანს ფანტასტიკური სეზონი ჰქონდა „ვიტესში“ და არაერთი პოზიტიური საუბრის შემდეგ მან გამოთქვა სურვილი, სხვა კლუბების დაინტერესების მიუხედავად, საკუთარი ძალები ერედივიზიეში ჩვენი გუნდის მაისურით გამოსცადოს.
ცნობისთვის, იეგოიანი „აიაქსისა“ და „ტვენტეს“ აკადემიების აღზრდილია, გასულ სეზონში კი არნემის „ვიტესის“ ღირსებას იცავდა, სადაც 36 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა.