საქართველოში NBA-ს საკალათბურთო სკოლა შემოდის
Aa
Aa

საქართველოში NBA-ს საკალათბურთო სკოლა შემოდის

10-14 სექტემბერს 6-18 წლის ახალგაზრდებისათვის NBA-ს საკალათბურთო სკოლის პირველი ახალგაზრდული საშემოდგომო ბანაკი გაიმართება, ხოლო სრულფასოვანი პროგრამა 29 სექტემბერს დაიწყება. რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე: www.nbabasketballschool.ge

2025 წლის 13 აგვისტოს ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) და ჯეიბიეს აკადემიის (JBS Academy) შვილობილმა კომპანიამ, „ჯეიბიეს კალათბურთმა“ მრავალწლიანი თანამშრომლობის დაწყების შესახებ განაცხადეს. აღნიშნული კოლაბორაციის ფარგლებში საქართველოში პირველი ოფიციალური NBA-ს საკალათბურთო სკოლა შემოდის.

„NBA კალათბურთის სკოლა საქართველო“ მდებარეობს თბილისში და ახალგაზრდებს (6-18 წლის ასაკში) სწავლებაზე დაფუძნებულ კალათბურთის განვითარების პროგრამას სთავაზობს, რომელიც მოიცავს უნარების განვითარებას, შეხვედრებსა და 5X5-ზე თამაშებს, ასევე ცხოვრებისეული უნარების სესიებს. პროგრამა დაიწყება საწყისი ბანაკით, რომელიც ჩატარდება 10-დან 14 სექტემბრამდე, რის შემდეგაც სრული პროგრამა დაიწყება 29 სექტემბერს. რეგისტრაცია უკვე შესაძლებელი ვებგვერდზე: www.nbabasketballschool.ge.

„ჩვენთვის დიდი პატივია საქართველოსთვის NBA-ს ღირებულებებისა და კულტურის გაზიარება, – განაცხადა ჯეიბიეს აკადემიის დამფუძნებელმა, ლევან ახვლედიანმა, – ჩვენთვის ეს მხოლოდ პროგრამა არ არის – ეს არის შესაძლებლობა, რომ თითოეულმა ბავშვმა შეძლოს ოცნებების ასრულება, ივარჯიშოს პროფესიონალივით, იგრძნოს საკუთარი თავის მნიშვნელობა და დაიჯეროს, რომ ერთ დღეს ისიც შეძლებს NBA-ში მოხვედრას და თამაშს“.

„NBA-ს პირველი საკალათბურთო სკოლის გახსნა საქართველოში ასახავს ქვეყნის მრავალფეროვან საკალათბურთო კულტურასა და თამაშის მდიდარ ისტორიას, – განაცხადა NBA-ს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის კალათბურთის უფროსმა დირექტორმა, ჰენრი უტკუმ, – ჯეიბიეს საკალათბურთო სკოლასთან თანამშრომლობით ველით, რომ ხელს შევუწყობთ მოზარდ მოთამაშეებს, განაგრძონ განვითარება და ისწავლონ მნიშვნელოვანი ღირებულებები, რომლებიც მათ წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

NBA-ს საკალათბურთო სკოლის სასწავლო პროგრამა, რომელიც შექმნილია მოთამაშეების განვითარებისათვის, ასევე მშობლებისთვის, მწვრთნელებისა და ორგანიზაციებისთვის უკეთესი ცოდნის მისაწოდებლად, შემუშავებულია NBA-ს საერთაშორისო კალათბურთის ოპერაციების დეპარტამენტის მიერ, NBA-ს მოქმედ და ყოფილ მწვრთნელებთან, მოთამაშეებთან და მოთამაშეთა განვითარების სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად.

2017 წლიდან NBA-ს საკალათბურთო სკოლები გაიხსნა არგენტინაში, ავსტრალიაში, ბრაზილიაში, ჩინეთში, დომინიკელთა რესპუბლიკაში, ეგვიპტეში, საფრანგეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, ინდოეთში, იტალიაში, იაპონიაში, ქუვეითში, ლიბანში, ლიეტუვაში, მექსიკაში, მაროკოში, პოლონეთში, პორტუგალიაში, კატარში, ესპანეთში, შვეიცარიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ურუგვაიში.

საქართველოში NBA-ს საკალათბურთო სკოლის შესახებ უახლესი ინფორმაციისთვის მიჰყევით @nbabasketballschool_georgia-ს და NBA Basketball School Georgia-ს.

ქართველ გულშემატკივრებს ასევე შეუძლიათ, ადევნონ თვალი NBA-ს Facebook-სა და Instagram-ზე, ჩამოტვირთონ NBA-ს აპლიკაცია, რათა მიიღონ უახლესი ამბები, განახლებები, ქულები, სტატისტიკა, კალენდარი, ვიდეოები და სხვა ინფორმაცია. ასევე მათ შეუძლიათ შეიძინონ NBA-ს უახლესი პროდუქცია ვებგვერდზე NBAStore.eu

ჯეიბიეს აკადემიის შესახებ

ჯეიბიეს აკადემია არის თბილისში დაფუძნებული, თანამედროვე, პროგრესული საგანმანათლებლო და სპორტული დაწესებულება, რომლის მისიაც არის ახალგაზრდების გაძლიერება ჰოლისტური მოდელის საშუალებით, რომელიც აერთიანებს მაღალხარისხიან განათლებას, დინამიკურ სპორტულ ვარჯიშს, პიროვნულ განვითარებასა და კეთილდღეობას. აკადემია შექმნილია ახალი თაობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, იმისათვის, რომ მოსწავლეებს მიეცეთ შესაძლებლობა, განვითარდნენ ინტელექტუალურად, ფიზიკურად და ემოციურად, იყვნენ მზად წარმატებისთვის როგორც უმაღლეს განათლებაში, ისე პროფესიულ სპორტში.

ჯეიბიეს აკადემია თავისი არსით არის შესაძლებლობა, შესთავაზოს ქართველ ახალგაზრდებს მსოფლიო დონის რესურსებზე წვდომის უზრუნველყოფა, რომლებიც მანამდე მიუწვდომელი იყო. ჩვენ რეგიონში ახალი სტანდარტის შექმნას ვგეგმავთ, ინტეგრირებულს განათლებასა და სპორტულ განვითარებასთან, გაჯერებულს საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკითა და ძლიერი ადგილობრივი ღირებულებებით.

წყარო - 1TV

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები