„მადლობა კვარას და სხვებს“ | კონტემ პრესკონფერენციაზე ხვიჩაც ახსენა
სერია A-ს მოქმედი ჩემპიონი, „ნაპოლი“ ახალი სეზონისთვის ემზადება. „პარტენოპეის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ პრესკონფერენცია გამართა და ხვიჩა კვარაცხელიას მადლობა გადაუხადა.
„სატრანსფერო ბაზრის შეფასება ძალიან მარტივია. მიმდინარე ფანჯარას თუ არ ჩავთვლით, ჩემი გუნდში მოსვლის შემდეგ, 13 ფეხბურთელი გავიფორმეთ. ნაპოლიმ შვიდი მოთამაშე გაყიდა, რომელთა შორის ოსიმენის, კვარას, რასპადორისა და სიმეონეს დონის ტოპ ფეხბურთელები იყვნენ.
ნაპოლი არის კლუბი, რომელიც ხელახლა შენების პროცესითაა სახელგანთქმული. ჩვენ კონცენტრირებული ვართ ფეხბურთელებზე, რომლებიც სათანადო დონეს, როგორც ახლა, ისე მომავალში აჩვენებენ. ვიყიდეთ მოთამაშეები, რომლებიც სასტარტო შემადგენლობას რადიკალურად ვერ შეცვლიან და მათ დრო უნდა მივცეთ. ნოა ლანგი იტალიაში ნიდერლანდებიდან გადმოვიდა და ადაპტაცია ესაჭიროება. მას ხარისხი აქვს, მაგრამ მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ. თუ ეს არ გინდა, მეორე ვარიანტია, რომ უკვე ჩამოყალიბებული და გამზადებული ფეხბურთელი იყიდო. როგორც ეს პარი სენ-ჟერმენმა გააკეთა კვარას ტრანსფერით.
მინდა, მოთამაშეებს, რომლებმაც გუნდი დატოვეს, მაგრამ სკუდეტოს დასაკუთრებაში წვლილი შეიტანეს, მადლობა გადავუხადო. მათ შორისაა ხვიჩა, რომელიც ჩვენთან იანვრამდე იყო და დიდი გავლენა ჰქონდა.“
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს ახალ სეზონს 23 აგვისტოს გახსნის. „პარტენოპეი“ სტუმრად „სასუოლოს“ დაუპირისპირდება და მატჩი თბილისის დროით, 20:30-ზე დაიწყება.