კლუბები ახალწვეულებს ვერ არეგისტრირებენ - ქაოსი ლა ლიგაში
პირველი ტურის მატჩებამდე ორი დღით ადრე ესპანური ლა ლიგას და ლა ლიგა 2-ის კლუბები ახალწვეულების დარეგისტრირებას ჩქარობენ, თუმცა დრო მათ წინააღმდეგ მუშაობს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა AS-ი წერს.
მისი ინფორმაციით, ესპანურ ფეხბურთში მოქმედი სახელფასო ლიმიტის მოთხოვნების გამო ახალწვეულთა ნახევარზე მეტი ამ დრომდე არაა დარეგისტრირებული.
283 ტრანსფერიდან ლა ლიგის ვებგვერდზე მხოლოდ 125 არის ასახული. მაგალითად, „ბარსელონას“ მარკ-ანდრე ტერ სტეგენის ტრავმის ფონზე განაცხადში მხოლოდ ინიაკი პენია ჰყავს. თუ არაფერი შეიცვალა, ვერც „ესპანიოლიდან“ გადასული ჟოან გარსია და ვერც ვოიცეს შესნი, რომელთანაც კლუბმა ახალი კონტრაქტი გააფორმა, პირველ ტურში თამაშს ვერ შეძლებენ. გარდა ამისა, დაურეგისტრირებელია „ბარსას“ კიდევ 5 ფეხბურთელი - მარკუს რაშფორდი, ჟერარ მარტინი, ექტორ ფორტი, მარკ ბერნალი და რუნი ბარდაგჯი.
თუმცა კატალონიელები ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენენ. მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდნენ „სელტა“, „ლევანტე“, „სევილია“, „ხეტაფე“, „ბეტისი“ და „ელჩე“. ვიგოელების 4 ახალწვეულიდან ჯერჯერობით თამაშის უფლება არც ერთს აქვს. ლა ლიგის ვებგვერდზე „ლევანტეს“ განაცხადში საერთოდ მხოლოდ 3 ფეხბურთელია მითითებული და ამ მხრივ ხოაკინ კალეროს გუნდს ბევრი სამუშაო აქვს.
სახელფასო ლიმიტთან დაკავშირებული პრობლემები „სევილიასაც“ აქვს - გუნდი პირველ ტურს მხოლოდ 14 დარეგისტრირებული ფეხბურთელით ხვდება, 10 ფეხბურთელს კი რეგისტრაცია ჯერ არ გაუვლია. „ხეტაფემ“ ზაფხულში 9 ფეხბურთელი დაიმატა, მაგრამ ამ დროისთვის რეგისტრირებული მხოლოდ ერთია - მეორე გუნდიდან დაწინაურებული ფორვარდი კობა და კოსტა. პრობლემების წინაშეა „ბეტისიც“: პაუ ლოპესი, რიკარდო როდრიგესი, ვალენტინ გომესი, კუჩო ერნანდესი, ნელსონ დეოსა და ხუნიორ ფირპო ამ დრომდე არ არიან განაცხადში.
„ბილბაო“, „ვილიარეალი“ და „ოსასუნა“ - სრული შემადგენლობით ლა ლიგის ვებგვერდზე მხოლოდ ეს 3 კლუბია წარმოდგენილი. რაც შეეხება ლა ლიგა 2-ს, აქ საქმე კიდევ უფრო რთულადაა. ახალწვეულების გარეშე არის წარმოდგენელი ვებგვერდზე „ანდორას“, „კასტელიონის“, „კადისის“, „ალმერიას“, „სეუტას“, „უესკას“ და „ხიხონის“ შემადგენლობები.
ლა ლიგის ახალი სეზონი პირველი მატჩი (ჟირონა-რაიო) პარასკევს, თბილისის დროით 21:00 საათზეა ჩანიშნული, ხოლო ლა ლიგა 2-ის ახალი გათამაშება ასევე პარასკევს, 23:30 საათზე დაიწყება (ვალიადოლიდი-სეუტა, ბურგოსი-კულტურალ ლეონესა).