„ევრობასკეტზე ასეთ რთულ ჯგუფში არასოდეს ვყოფილვართ“ - სანაძე ნაკრების შანსებზე
28 აგვისტოდან საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას დაიწყებს, სადაც ჯგუფურ ეტაპზე ალექსანდარ ჯიკიჩის მომზადებული გუნდის მეტოქე კონტინენტის პირველობის მოქმედი გამარჯვებული ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთის, ბოსნიისა და მასპინძელი კვიპროსის გუნდები იქნება, მერვედფინალში კი ექვსიდან ოთხი საუკეთესო გავა. როგორია ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის შანსები და რამდენად შორს შეუძლიათ ქართველ კალათბურთელებს გასვლა, ამის თაობაზე Crystalsport-თან ინტერვიუში წარსულმა ცნობილმა ქართველმა კალათბურთელმა გია სანაძემ ისაუბრა.
რას ამბობს სანაძე
თითქოს კენჭისყრის დროს ამას ყველა ნაკლებ ყურადღებას აქცევდა, მაგრამ ახლა, როდესაც ჩვენი ყველა მეტოქე მაქსიმალურად გაძლიერდა, თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ ასეთ რთულ ჯგუფში არც ერთ ევრობასკეტზე არ ვყოფილვართ.
აქედან გამომდინარე მიჭირს საქართველოს ნაკრების პროგრამა-მაქსიმუმზე საუბარი. ასეთი რთული ჯგუფიდან გასვლის შემდეგ ბიჭები ბუნებრივია საოცრად გადაღლილები იქნებიან, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხი მოხსნილი ექნებათ და ასეთი გუნდისგან უკვე ყველაფერია მოსალოდნელი.
რაც შეეხება დუდას ფორმას, როგორც მოგეხსენებათ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საკლუბო სეზონი ადრე მორჩა და მართალია ვარჯიში არც ერთი დღე არ შეუწყვიტავს, მაგრამ სათამაშო ტონუსი სულ სხვაა და შესაბამისად, ოპტიმალურ კონდიციებამდე მასაც ბევრი უკლია და ფორმაში ეტაპობრივად შევა.
ცნობისათვის, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის პირველობას 28 აგვისტოს დაიწყებს და ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ჯიკიჩის მომზადებული გუნდი ესპანელებს შეხვდება - მატჩი თბილისის დროით, 16:00 საათზე დაიწყება.