მათეუსი: „ბაიერნის სატრანსფერო პოლიტიკა გაუგებარია“
უკვე გადაწყვეტილი ამბავია, რომ უახლოეს პერიოდში ლუის დიასი „ლივერპულიდან“ „ბაიერნში“ გადავა და მიუნხენელებს მისი ტრანსფერი 75 მილიონი ევრო დაუჯდებათ, რაც პატარა თანხა ნამდვილად არ გახლავთ. სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება ლეგენდარულმა გერმანულმა ფეხბურთელმა ლოთარ მათეუსმა, როდესაც მას კოლუმბიელი შემტევის ტრანსფერის შეფასება სთხოვეს.
რას ამბობს მათეუსი
ტომას მიულერის და ლეროი სანეს წასვლისა და ამავდროულად ჯამალ მუსიალას ხანგრძლივი დროით გამოკლების ფონზე, „რეკორდმაისტერს“ ხარისხიანი ვინგერის მოძებნა მოუწია. ლუის დიასმა საკუთარი კლასი ინგლისის პრემიერ ლიგაში არაერთხელ დაამტკიცა - ის სწრაფია და ართმევაზე ძლიერი, რის გამოც მასთან ერთად გუნდს შეტევაში ბევრი ვარიანტი ექნება. „ლივერპულში“ დიასს უთამაშია, როგორც მარცხენა შემტევად, ასევე ცენტრალურ ნახევარმცველად და მეორე თავდამსხმელად. ანალოგიური რამ მისთვის „ბაიერნშიც“ გამოიძებნება, რადგან გნაბრისა და ოლისეს ნაცვლად, კეინის უკან თავისუფლად ითამაშებს.
ამავდროულად არსებობს ერთი საკითხი - დიასი უკვე 28 წლისაა, ნიკ ვოლტემადე კი ოცდასამის და თუ სამხრეთ ამერიკელის სანაცვლოდ შეიძლება 75 მილიონის გადახდა, რატომ არ შეიძლება ამხელა თანხის გაცილებით ახალგაზრდა გერმანელში დაბანდება. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ 75 მილიონად „შტუტგარტი“ ვოლტემადეს თავისუფლად გაუშვებდა. ხანდახან „ბაიერნის“ სატრანსფერო პოლიტიკა ჩემთის მართლაც გაუგებარია.
ცნობისათვის, ლოთარ მათეუსი „ბაიერნის“ ღირსებას 1984-1988 და 1992-2000 წლებში იცავდა და მიუნხენური კლუბის რიგებში ექვსჯერ ბუნდესლიგა, ორჯერ ქვეყნის თასი, ერთხელ კი უეფას თასი მოიგო.